კორონავირუსი ირანში

BBC: ირანში Covid-19-ით ოფიციალურ სტატისტიკაში ასახულზე 3-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა

GETTY IMAGES

სპარსული BBC-ს გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანი კორონავირუსის გარდაცვლილთა რეალურ რიცხვს მალავს. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული.

ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით კორონავირუსით 14 405 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მთავრობის ხელთ არსებული მონაცემებით ჩანს, რომ 20 ივლისის შემდეგ კორონავირუსის სიმპტომებით გარდაცვლილთა რიცხვი 42 000-ს აღწევს.

იგივე ხდება ინფიცირებულების რაოდენობასთან დაკავშირებითაც. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაში ასახულია 278 827 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი 451 000-სს აჭარბებს.

BBC-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ირანში 22 იანვარს გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ მხოლოდ 28 დღის შემდეგ გამოაცხადა. ამ პერიოდში ვირუსით კიდევ 52 ადამიანი გარდაიცვალა.

შეუსაბამობებია მთლიანად ქვეყნის და რეგიონების სტატისტიკაშიც. BBC-ს ინფორმაციით, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც დაავადების გავრცელების რეალური მასშტაბი ტესტირების ნაკლებობის გამო არ იციან, ირანის მთავრობა ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ მალავს.

ინფორმაცია BBC-ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ის მოიცავს საავადმყოფოში მიღებულთა მონაცემებს, მათ შორის სიმპტომებს და მკურნალობის ხანგრძლივობას.

ამ მონაცემების მიხედვით, დედაქალაქ თეირანში ვირუსით 8 120 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსის ეპიცენტრში, ქალაქ კომში - 1 419 (ყოველ 1 000 მოსახლეზე 1 გარდაცვლილი). აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა შორის 1 916 უცხოეთის მოქალაქეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილიანობის შემთხვევები არაპროპორციულად მაღალია მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებში, რომლებიც ირანში ძირითადად ავღანეთიდან ჩადიან.

უკანასკნელ კვირებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იმატა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 2 598 შემთხვევა, ვირუსით გარდაიცვალა 215 ადამიანი.

ირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვირუსისაგან ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყნის მთავრობას ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევები არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა. ირანის რეჟიმის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ეს ინფორმაცია დამალა, რათა მოსახლეობა ხმის მისაცემად წასულიყო.

კომენტარები