არჩევნები 2020

რედაქტორის წერილი:  სიმართლისა და სიცრუის მიღმა - ვინ დაამარცხებს გველეშაპს?

თამარ ჩერგოლეიშვილი
0 კომენტარი

გაფრთხილდი, რომ გველეშაპთან ბრძოლისას თავად არ იქცე გველეშაპად - თუ უფსკრულს დიდხანს ჩასცქერი, უფსკრულიც შემოგცქერის.

ფრიდრიხ ნიცშე 

სოფელს ცეცხლი ეკიდა და გიჟი თმას ივარცხნიდაო, ხომ ამბობენ? გასული კვირაც ასე დასრულდა - მესამე თვეა, ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 13 პროცენტით მცირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოს პრეზიდენტს თავისი დროშა აქვს. 

საქართველოს გერბის მსგავსად, მთავარსარდლის შტანდარტს წმინდა გიორგი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქრისტიანოს სუპერგმირი ამშვენებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკაზე ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა და 1918 წლის თეთრი გიორგი ჩაანაცვლა. 

სალომე ზურაბიშვილის გამოხტომა დროში დაემთხვა, თორემ წმინდა გიორგი, სულ სხვა თემამ მომაგონა - წინ არჩევნებია და გველეშაპია დასამარცხებელი. 

რაღაც რომ დაამარცხო, უნდა იცოდე, რას ამარცხებ, რას წარმოადგენს, რას ჭამს, რას სვამს, რა სწყინს, რა უხარია. 

ამიტომ ვამბობ, რომ, რასაც ამ სტატიაში გველეშაპი ერქმევა, არ არის ერთი რომელიმე სუბიექტი. ეს იმ ფაქტორების და აქტორების ერთობლიობაა, რაც სხვადასხვა ეტაპზე ქართველი ხალხის სუვერენული ნების ასრულებას აფერხებს. 

ხალხის ნება ნათელია -  საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, უსაფრთხო, მდიდარი, ერთიანი და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ბედნიერებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა. 

ამ ნების ასრულების გზად ქართველებს თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრობა მიაჩნიათ - გავრილოვის ღამე, ვარდების რევოლუციასთან ერთად ამის კაშკაშა გამოხატულებაა, თავი რომ გავანებოთ პლებისციტს და უამრავ კვლევას. 

მთავარი ხელის შემშლელი კრემლია და მასთან ერთად, ყველა ის რეჟიმი, თუ დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას და სამშვიდობოს გასვლას აფერხებს, რითაც რუსეთს უწევს საიმედო პარტნიორობას. 

გველეშაპი საბოლოოდ მაშინ დამარცხდება, როცა ქართველი ხალხის ნება შესრულდება და თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. მაგრამ მანამდე მას სხვადასხვა თავი ამოუვა და ჩვენ ეს თავები უნდა ვკვეთოთ, ვიდრე სამშვიდობოს გავალთ. 

საქართველოს ეროვნული ამოცანებიდან თუ ამოვალთ, 2020-ის არჩევნების მიზანი ნათელია -  ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით უნდა მოვიშოროთ, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კალაპოტში ჩავსვათ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისკენ, რაც თავისთავად მეტ უსაფრთხოებას და უფრო სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას ნიშნავს. 

ბრძოლის წინ სურათი ასეთია: 

ამომრჩევლის სამი მეხუთედი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას მხარს უჭერს. 

სისტემა შეცვლილია და საპარლამენტო მანდატების ოთხი მეხუთედი მხარდაჭერის პროპორციულად გადანაწილდება. მაჟორიტარებს გასაყოფად მანდატების ერთი მეხუთედი რჩებათ. 

პოლიტიკური ველი ტრიპტიხია - ამომრჩეველი უხეშად სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი მესამედი მმართველ პარტიას უჭერს მხარს, მეორე მესამედი მიხეილ სააკაშვილის პარტიას, ხოლო ბოლო მესამედი სხვა პარტიებს შორის არის გაფანტული, რომელთა შორისაც ყველაზე მსხვილი ევროპული საქართველოა. 

სისტემის შეცვლის გამო 2020-ის არჩევნებში მანდატს მოიპოვებენ ის პარტიებიც, რომელთა მხარდაჭერა სულ რაღაც 1 პროცენტს გადააჭარბებს. 

ივანიშვილისადმი დამოკიდებულება გამოკრისტალდა დასავლეთშიც - ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის თავზე მიხვდნენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა პუტინის ინტერესებს ემსახურება. ამას ამბობენ როგორც გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში, ისე შეერთებული შტატების კონგრესში. ივანიშვილის რეჟიმს „იხვის ტესტით“ მიუდგნენ  - სულაც არ არის აუცილებელი, რუსეთის აგენტურული ქსელის თანამშრომელი იყო იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესებს ატარებდე - თუ იხვივით გამოიყურები, იხვივით ცურავ და იხვივით ყიყინებ, მაღალი ალბათობით, იხვი ხარ. 

გასული ერთი წელი საკმარისია, ვირწმუნოთ, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას ებღაუჭება და რისკავს. რომ არ რისკავდეს, პროპორციულს არ ჩააგდებდა და არც პოლიტპატიმრების საკითხს აქცევდა დასავლეთთან განხეთქილების ვაშლად. კუნთების ჩვენებას, იმის დემონსტრირებას, რომ ჯერ კიდევ ძლიერია და თავისი გააქვს, ოლიგარქი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ამიტომაც ებღაუჭება რურუას. 

მაგრამ ისიც დღესავით ნათელია, რომ მილიარდერი თავისუფალ სამყაროს სრულ იგნორირებას ვერ უკეთებს - თორემ არც საარჩევნო სისტემაზე დაიხევდა უკან და არც უგულავაზე,  ოქრუაშვილსა და თამლიანზე. 

ადგილობრივი პოლიტიკური პროცესი დასავლეთის ლუპის ქვეშაა და არჩევნებამდე ასე იქნება.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაიკ პომპეოს და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შინაარსია. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული ტექსტიდან ჩანს, რომ ივანიშვილის კლოუნი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ყველა იმ საკითხზე გააფრთხილა, რაზეც ოპოზიცია და საპროტესტო ელექტორატი წუხს. პომპეოს არ გამორჩენია არც არჩევნები, არც დასავლური ინვესტიციები, არც პოლიტიზებული მართლმსაჯულება და გახარიას ერთადერთი რამ მოუწონა - ის, რომ საკუთარი დასვრილი ნაწილობრივ გაწმინდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს.  

შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას საიმედო პარტნიორად აღარ თვლის და დახმარების შემცირებას განიხილავს, თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების კალაპოტში არ ჩადგება - ანუ ისეთი მთავრობა არ ეყოლება, რომელიც დემოკრატიულ წესრიგს და სამართლიან საინვესტიციო  გარემოს უზრუნველყოფს.

ძალიან მკაფიოა ამერიკის ელჩის გზავნილიც - ის ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო აინტერესებს არა როგორც ტერიტორია, არამედ როგორც დემოკრატია. კელი დეგნანი ქართულ ოცნებას კონგრესმენების და სენატორების წუხილის სერიოზულად მიღებას ურჩევს. 

„მე ისევ ძალზე შეშფოთებული ვარ“ - წერს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების პასუხად და პრეზიდენტს პოლიტპატიმრის შეწყალებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, შტანდარტის აფრიალებიდან რამდენიმე საათში მოგვახსენა, რომ ამას არ იზამს - "ამ პიროვნებას არ შევიწყალებ!“ - გამოაცხადა მან. 

დასავლეთის წნეხი უპრეცედენტოა. აქამდე საქართველოს არცერთ ხელისუფალს მსგავსი რამ არ განუცდია. შემსუბუქების იმედიც ვერ ექნებათ. ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა თითქმის იმდენი დრო დაყო ქვეყნის სათავეში, რამდენიც წინა ხელისუფლებამ და დასავლეთში სიტყვის შემწევს სანთლით ვერ პოულობს, დემოკრატიული სამყაროს კრიტიკას არა საკუთარ შეცდომებს, არამედ ბოკერიას ძმაკაცებს და გიორგი კანდელაკს აბრალებს და როცა ეკითხები, სად არიან „მათი ძმაკაცები“ - პასუხი არ აქვთ.   

როგორ აისახება შეერთებული შტატების და ევროპის წნეხი ოლიგარქის  მხარდაჭერაზე ქვეყანაში და რა მოუვა იმ 60 პროცენტს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა სურს - გაიზრდება, თუ შემცირდება, ამას მომდევნო კვლევებში დავაკვირდებით და არჩევნებზე დავინახავთ. 

მანამდე შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტ ბრძოლამდე სამი თვით ადრე ივანიშვილს სულ სამი აქტივი აქვს: 

ფული

ფული ივანიშვილის ფორაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფული, უპირატესობასთან ერთად უკვე ლაგამიცაა  - დასავლეთის ასეთი ჩართულობის გათვალისწინებით. პირადად მისი სანქცირების თემა მწიფდება, მართალია, განხორციელებისგან  ჯერ შორსაა, მაგრამ, თუ საღი აზრი შერჩა, უნდა შიშობდეს, რომ ეს თოფი  სპექტაკლის ბოლომდე გაისვრის. 

რეპრესიული აპარატი და ადმინისტრაციული რესურსი

ეკონომიკის ჩაკეტვით და პანდემიით გაპარტახებული ბიზნესის დაშინება, რომ ოპოზიცია არ დააფინანსოს ამ კამპანიაში ქართული ოცნების ეფექტიანი იარაღი იქნება. 

ამას გარდა, ადმინისტრაციული რესურსი  - იქნება ეს პოლიცია, პროკურატურა, სასჯელაღსრულება თუ სასამართლო, ხელისუფლებას უადვილებს კრიმინალთან პაქტის დადებას და მათი დახმარებით წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაშინებას - ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების კოორდინატორი "უბნის ბიჭების“ მაღალი კონცენტრაცია და ოპონენტ პოლიტიკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები. 

2020 წელს სხვაობა ისაა, რომ არნახული საერთაშორისო წნეხის ფონზე, ამ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით  დააკვირდებიან. ის, რაც ქართულ ოცნებას აქამდე იოლად გასდიოდა - ძალადობა იქნება თუ დაშინება, ახლა ისე იოლად არ გაუვა. თუ არჩევნებმა ქართული საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, ცვლილებები მაინც მოხდება, ოღონდ არა არჩევნებით. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის, მაგრამ ძალაუფლების მიტაცებასთან შეგუებას სჯობია. რაც შეეხება ივანიშვილს და მის რეჟიმს, მოვლენების ასეთ განვითარებას მათთვის ტრაგიკული დასასრული მოჰყვება. 

მიხეილ სააკაშვილი

კონსენსუსი იმ პარადოქსზე, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ რჩება ივანიშვილის ყველაზე ფასეულ აქტივად, მნიშვნელოვნად იზრდება და ეს ყველაზე მკაფიოდ შარშან, საპროტესტო აქციების დროს გამოჩნდა, როდესაც პროტესტის და სააკაშვილის სულისკვეთება და მიზნები მთლიანად ასცდა ერთმანეთს.  

ასცდა არა იმიტომ, რომ იქ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერები არ იდგნენ - გულმოდგინედ იდგნენ და თან ბევრნი. არამედ იმიტომ, რომ სააკაშვილი რეალობას თავად უარყოფს - მისთვის მისაღები რეალობა ისაა, სადაც ის ერთადერთია და არა ერთ-ერთი. 

როცა რეალობას თვალს ვერ უსწორებ, ადგილის დამკვიდრება უფრო  ძნელია. უცნაური სანახავი იყო, რომ სააკაშვილის ხილვა ახდა - მისი ნანატრი საპროტესტო მუხტი აგორდა და ქუჩა აგუგუნდა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ „რევოლუციური ზეკაცის“ ხილვები საპროტესტო აქციის მრავალფეროვან შემადგენლობას სიცილად არ ეყო და დევნილი პრეზიდენტი იძულებული გახდა, არა ერთადერთი და განუმეორებელი, არამედ ერთ-ერთი ჭირვეული ლიდერის როლს დასჯერებოდა და ამბიციები „მიშას გზის“ უალტერნატივობაზე, გვერდზე გადაედო. 

ძალაუფლებით და მისი დაბრუნების წყურვილით გარყვნაც ესაა - რეალობასთან კავშირის დაკარგვა. 

შემაკავებელი მექანიზმების გამართული მუშაობა, დაბალანსებული ძალაუფლება და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების ცვლა პოლიტიკურ ლიდერს ეხმარება, რეალობაში დაბრუნდეს და განვითარების ნორმალურ ციკლში ჩაჯდეს, მაგრამ არა ყველას და არა სააკაშვილს, რომელსაც, როგორც ჩანს, ის წერტილი გადალახული აქვს, საიდანაც უკან, რეალობაში ვეღარ ბრუნდებიან.  

ვარდების რევოლუციას და აჭარის მოვლენებს ბევრი გმირი ჰყავდა, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი მათ შორის, აშკარად და დიდი ანგარიშით, მიშა იყო - სოციალურად ტლანქი, ყველასგან განსხვავებული, პროგრესული და ჰიპერაქტიური პერსონაჟი, რომელსაც „ბორბალზე წამებამ“ ვერაფერი დააკლო, გველეშაპს თავები -  შევარდნაძის და ასლან აბაშიძის რეჟიმები - დააყრევინა და თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტი გახდა. 

ის, რომ რომ მიშა ბოროტების დამარცხების სიმბოლოდ, ერთგვარ სუპერგმირად იქცა, კანონზომიერია - ხალხს უყვარს გმირები. პრობლემა მაშინ შეიქმნა, როდესაც თავად დაიჯერა საკუთარი ზებუნებრივობა, რის უტყუარ ნიშნადაც გიორგობის დღესასწაულებზე რევოლუციური მოვლენების დამთხვევა მიიღო.  მიშა სააკაშვილის თვითაღქმა ყველაზე ხატოვნად ზურაბ წერეთლის მამალომ ასახა, მაგრამ ერთია მისი თვითაღქმა და ამბიციები, მეორე - ობიექტური რეალობა: 

2020 წელია. ბიძინა ივანიშვილი არც პოპულარულია და არც წარმატებული, მაგრამ ჯერჯერობით ყველა არჩევნებში გაიმარჯვა.

სააკაშვილი რვა წელია, ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერია და, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ამომრჩევლის უმეტესობას არ მოსწონს, ყოფილმა პრეზიდენტმა ივანიშვილის დასამარცხებლად მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობის გულის მოგება აქამდე ვერ შეძლო. 

„მე დავიბადე გამარჯვებებისთვის“  - ამტკიცებს სააკაშვილი და აქამდე განცდილ ყველა მარცხს უარყოფს, ვითომ არ ყოფილა. მაგრამ სიმართლე, რომლის აღიარებაც მხოლოდ სააკაშვილს კი არა, კიდევ ბევრს არ სურს, ისაა, რომ მიშას არათუ გველეშაპზე გამარჯვების ძალა აღარ აქვს, არამედ ის თვითონაა ქცეული გველეშაპად. 

დიახ, გველეშაპს, რომელიც 2020 წლის არჩევნებში უნდა დავამარცხოთ, ორი თავი აქვს: ბიძინა და მიშა. 

დევნილმა პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ამომრჩევლის მესამედის მხარდაჭერა საკმარისი არ არის, რომ სამართლიანი არჩევნების გზით ხელში სრული ძალაუფლება ჩაიგდოს. თუ საარჩევნო ყუთში გადაწყდა, მიშას ძალაუფლების გაყოფა რამდენიმე პარტიასთან მოუწევს და ფრთებს ვერ გაშლის. მან იცის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ ერთადერთი ვერ იქნება. 

მაგრამ ერთია, რა იცის და მეორეა, რას ცნობს. სააკაშვილი ობიექტურ რეალობას უარყოფს და თავის პროპაგანდისტულ რესურსთან ერთად ბოლომდე აყოლილია ივანიშვილს, რომელიც, აგერ უკვე მერამდენე არჩევნებია, სააკაშვილს სახავს ერთადერთ ალტერნატივად და მის მიუღებლობაზე დაყრდნობით იმარჯვებს. 

თუმცა ერთია, რას ეთამაშება მონსტრის ორი თავი ერთმანეთს და მეორე - როგორ რეაგირებს საპროტესტო ელექტორატი. 

შარშან, როცა ცვლილებების სურვილი ისე მომწიფდა, რომ პროტესტის გამოსახატად ხალხი ქუჩაში თვითდინებით გავიდა, ნათელი გახდა, რომ ფართო ამომრჩეველი მონსტრების თამაშს და მათ მიერ შექმნილ ყალბ პარადიგმას არ ღებულობს. გავრილოვის ღამის შემდგომი ანტისამთავრობო პროტესტი სააკაშვილის მხარდამჭერ რევოლუციურ პროცესად ვერ გარდაიქმნა. სააკაშვილმა ვერ დაარწმუნა პროტესტის მონაწილეთა კრიტიკული მასა, რომ „პუტინს თუ ებრძვიან, პუტინის მთავარი მტერი თვითონაა“ და მის გარშემო უნდა დაირაზმონ. სააკაშვილის ხილვა, რომ "ყველაფერი წკიპზეა“, ხალხმა არ მიიღო. ამის სანაცვლოდ, მათ საარჩევნო სისტემის, თამაშის წესების  შეცვლა მოითხოვეს და პროტესტის მაკონსოლიდირებელ მიზნად იქცა ერთი კაცის მმართველობის რისკის შემცირება.

რა ქნა პროპორციულის დათმობით იმედგაცრუებულმა სააკაშვილმა? 

ივანიშვილთან გარიგებულებად ან სულელებად გამოგვაცხადა ყველა, ვინც ივანიშვილს საარჩევნო სისტემის შეცვლას და ბუნებრივ ბარიერს დავთანხმდით. 

როგორ ფიქრობთ, რატომ ილანძღებოდა? ან ახლა რატომ უშლის ხელს მაჟორიტარებზე კოორდინაციას და რატომ რისკავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარის გამეორებას? 

სწორედ იმიტომ, რომ მიშა გველეშაპის მეორე თავია - მას ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს.

სააკაშვილს არ აქვს იგივე მიზანი, რაც ჰქონდა იმ ამომრჩეველს, რომელიც  პროპორციული არჩევნებისთვის იბრძოდა. პირიქით, მისი მიზანი კოალიციური მთავრობის გამორიცხვაა - გუშინ თქვა კიდეც, კოალიციას ქართველ ხალხთან შევქმნი - ანუ არ შევქმნიო. 

ობიექტური რეალობა, რომ მას ამომრჩევლის მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, მისთვის არაფერს ნიშნავს. მთავარია, თავად რა აიხირა და მერე ტყემალზეც დაჯდება.

სააკაშვილი თვლის, რომ  შეუძლია, მხარდამჭერები კიევიდან არწმუნოს, რომ 9 აპრილის ბაღში დგას, ანდა ბრძოლის  წინა ხაზზე იბრძვის, იფიცოს, რომ გვირაბს გათხრის, ზღვას გადმოცურავს და ჩამოვა - შემდეგ კი ამტკიცოს, რომ არასოდეს უთქვამს, რომ უნდა ჩამოსულიყო, ან მოდიოდა, მაგრამ შეუპოვრად მომავალ წმინდა გიორგის, წინ „მოღალატე ბოკერია“ აღუდგა თავისი ხრიკებით. 

დევნილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, ისტორია გააყალბოს, გამოაცხადოს, რომ აღმაშენებელიც სააკაშვილივით სძულდათ, უფრო მეტიც, გვიმტკიცოს, რომ დავით მეოთხეს ხუთი საუკუნე ვერ ახსენებდნენ და უცებ საჯაროდვე დაიმშვიდოს თავი, რომ მიშას უფრო ჩქარა შეიყვარებენ. 

სააკაშვილს შეუძლია, ბევრი ილაპარაკოს იმაზე, როგორ არ უნდა დაბრუნდნენ ძველი სახეები ხელისუფლებაში, მაგრამ, თუ ვინმე ჰკითხავს, თვითონ როდინდელი სახეა - ვერც კი მიხვდება, რას ეკითხებიან, ის ხომ ზეკაცია! ის ხომ არასოდეს ძველდება და მარცხდება! მისი შეცდომები ხომ მხოლოდ სხვისი შეცდომებია! ის ხომ ლოგიკის და ალოგიკურობის, ტყუილისა და მართლის, სიკეთისა და ბოროტების მიღმაა! 

იმის გამო, რომ არჩევნებით სრულ ძალაუფლებას ვერ იგდებს და გოლი თავად ვერ გააქვს, ის პასის ჩაწოდებაზე უარს ამბობს და გოდოსავით ელოდება 2003 წლის სცენარის გამეორებას.

მაგრამ, რევოლუციურ პროცესს განაპირობებს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება - ზუსტად ისე, როგორც 2003 წლის მოვლენებს მისცა ბიძგი შევარდნაძემ. სააკაშვილი რევოლუციას ვერ დაძრავს. ერთადერთი, რაც მას შეუძლია, ისაა, რომ ივანიშვილის შეცდომებს დაელოდოს - აი, ამიტომ უშლის ხელს მაჟორიტარების კოორდინაციას და ივანიშვილის მარცხის პირველ ტურშივე გარკვევას. 

მიშა სააკაშვილის ხავსი ბიძინა ივანიშვილის შეცდომაა - მას იმედი აქვს, რომ პირველიდან მეორე ტურამდე ივანიშვილი ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რაც ქვეყანას რევოლუციამდე მიიყვანს, შემდეგ  რაღაც ოინებით, გველეშაპისთვის კიევიდან თავის მოჭრას მიიწერს, წმინდა გიორგის როლში ხელმეორედ მოგვევლინება და ოცნებას აიხდენს - ისევ ერთადერთი გახდება. 

ცალკე საკითხია, რამდენად შეიძლება იქცეს სააკაშვილის ჰალუცინაცია რეალობად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც იმას ვიტყვით, რომ ივანიშვილი გონიერებას გამოიჩენს, სააკაშვილს როლს არ გაუცვლის და თავად არ იქცევა იმის სასარგებლო იდიოტად, ვინც აქამდე მისი აქტივი იყო. 

ოლიგარქის პირობებში მართლაც შეიძლება, რევოლუციური ცვლილებები გარდაუვალი გახდეს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. იმ შანსის გაშვება, რომ არჩევნებით მეორედ შევცვალოთ ხელისუფლება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. ვინც ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს, ის იმასაც უნდა იაზრებდეს, რომ ასეთი რისკისკენ არათუ არ უნდა ვისწრაფოდეთ, არამედ, როცა ვხედავთ, უნდა დავაზღვიოთ და მაჟორიტარებზე შეთანხმება სწორედ ასეთი დაზღვევა იქნებოდა. მაგრამ სააკაშვილისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ივანიშვილისთვის, მისი პირადი ახირებებია ქვეყნის ინტერესები. 

გველეშაპისთვის ორი თავის მოკვეთა იოლი არ არის, მითუმეტეს, თუ თითოს უკან ამომრჩევლის თითო მესამედი დგას, მაგრამ იმაზე იოლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 

ვინ მოჰკვეთს თავებს გველეშაპს? 

თუ დააკვირდებით, ბოლო ერთი წელია, ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს  ბიძინა, ან მიშა კი არა, არამედ სწორედ ის ერთი მესამედი განსაზღვრავს, რომელიც არც ივანიშვილს უჭერს მხარს, არც სააკაშვილს და რამდენიმე პარტიას შორისაა გაფანტული. მათ შორისაა ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, გიორგი ვაშაძე და ა. შ. 

ეს იმიტომ, რომ სწორედ ამ ძალებმა დაიჭირეს მომენტუმი, მიხვდნენ ხალხის განწყობას და ივანიშვილს პროპორციული სისტემის დაპირება გამოსტყუეს, სააკაშვილის გააფთრებული ლანძღვა-გინების და ღალატში მხილების ფონზე, რომელიც შემდეგ უკვე „ხუნდაძის ამბოხად“ წოდებული სამარცხვინო ცირკით გაგრძელდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო ჯგუფების და დასავლეთის მხარდაჭერით მიზანს დიდწილად მიაღწიეს.

დღეს, ევროპულმა საქართველომ მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა - თითქმის ყველა ოლქში მრავალწლიანი გამოცდილების და  მაღალი ცნობადობის პოლიტიკური ლიდერები დადგნენ. ეს სწორი ნაბიჯია იმდენად, რამდენადაც ამ პარტიის ამბიციებს ახლანდელი 12 პროცენტი არ ჰყოფნის და ცნობადი ლიდერების სიჭარბე მაჟორიტარებად, რაც ამ პარტიის დიდი უპირატესობაა სხვებთან შედარებით, იმედია, ევროპულ საქართველოს შედეგს გაუზრდის. 

ესეც რომ არა, ახალი სისტემის ხიბლი  ისაა, რომ პარლამენტში ყველა ის პარტია შევა, რომელიც რეალობას და ხალხის დაკვეთას სწორად ხედავს და კოალიციურ მთავრობაში მუშაობისთვის მზადაა  - ისინი დღეს ცალ-ცალკე არიან, მაგრამ უკვე ერთი წელია იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ განსხვავებების გადალახვა, შეთანხმება და შედეგის  მოტანა შეუძლიათ. მითუმეტეს, რომ ამ პარტიების ჯამი სიდიდით ნაცმოძრაობას დიდად არ ჩამოუვარდება და კარგი კამპანიის შემთხვევაში, შესაძლოა, მთლიანობაში ნაცმოძრაობაზე მეტი მანდატი აიღოს. უფრო ფართო კოალიციას კი ის შეკრებს, ვისაც საკუთარ ახირებებზე მაღლა დადგომა შეუძლია, რეალობას ადეკვატურად აღიქვამს და კომპრომისებს არ უფრთხის. 

ამას ემატება დასავლეთი - გასული წელი საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ თავისუფალი სამყაროს სიმპათიები სწორედ ისეთი სცენარისკენ იქნება, რაც რევოლუციურ ჰალუცინაციებს გამორიცხავს და ამ ისედაც ტურბულენტურ რეგიონში გაწონასწორებულ მმართველობას დაამკვიდრებს - იმას, რაც ქართველი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას უნდა. 

სამ თვეში არჩევნებია. ეყოლება თუ არა ამ არჩევნებს თავისი წმინდა გიორგი და დააყრევინებს თუ არა თავებს გველეშაპს, ზუსტად არ ვიცით. რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ ორივე მონსტრს, ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც, მათი სურვილის წინააღმდეგ, დიდწილად იმ სისტემაში უწევთ თამაში, რომლის წესებიც ქართულმა საზოგადოებამ, ოპოზიციის გონიერმა ნაწილმა, და დასავლეთმა განუსაზღვრა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები