ჭავჭავაძის გამზირი

ბითაძე ჭავჭავაძეზე: როცა პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, არ ვიწყებთ მუშაობას მკითხავებთან

რუსთავი 2

"ჩვენ როცა პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, არ ვიწყებთ მუშაობას მკითხავებთან დაკითხვით".- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ რუსთავის 2-ის ეთერში ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემაზე საუბრისას თქვა. 

ბითაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება კახა კალაძის საარჩევნო დაპირება იყო და მერიის ქმედებებმა გაამართლა. 

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი დაპროექტებულია შესაბამის კვლევებსა და ელექტრონულ სქემებზე დაყრდნობით მიღებულ სქემებზე. ბითაძე ამბობს, რომ მერია სამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

"სამივე პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირის პროექტირება გვაქვს, სამივე პროექტით, დაპროექტებულია მთელი თბილისი, 10 ძირითადი დერეფნით. შესაბამისად, ზუსტად გვაქვს დათვლილი ის ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაონ. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადის გაუმჯობესებისთვის, ტრანსპორტმა ორჯერ მეტი მგზავრთა ნაკადი უნდა გადაიყვანოს. პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ინფრასტრუქტურული ჩარევები. ერთ-ერთი ჩარევა, რომელიც ჩვენ გასულ წელს განვახორციელეთ, იყო კოსტავა-შარტავაზე, სადაც პირველ დღეს, როდესაც მოძრაობა აღდგა, სწორედ ანალოგიური პრობლემები იყო. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო კანდელაკის ქუჩა და შემდეგ ვაშლიჯვრის ესტაკადა".- ამბობს ბითაძე. 

მერის მოადგილე ამბობს, რომ ავტომანქანით გადაადგილების პრობლემა ჭავჭავაძის გამზირზე შეიქმნა შაბათ დღეს და დღეს უკვე გამზირზე საცობი არ არის. 

"ჩვენ მანამდე განვაცხადეთ, რომ ეს დღე იყო ტესტური რეჟიმი. პრობლემა გამოწვეული იყო პირველ რიგში იმით, რომ მძღოლებს აბსოლუტურად გადაწყობილი სქემებით მოუწიათ სიარული და შესაბამისად, ადაპტაციის პერიოდი იყო ეს ერთი დღე, 24 საათი, რომელმაც მშვიდობით ჩაიარა. დღეს რომ გავიაროთ ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე, ფალიაშვილზე და სხვა მკვეთ ქუჩებზე, ჩვენ იქ საცობს ვერ ვნახავთ, იქ არის ჩვეულებრივი მწყობრი გადაადგილება".- ამბობს ბითაძე. 

ილია ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან. 

როგორ უნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა ჭავჭავაძის გამზირზე - გადაადგილების სქემა ნახეთ აქ. 

კომენტარები