ესპანეთი

ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი ქვეყანას ტოვებს

ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოსმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი მონარქის გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს, ესპანეთის ამჟამინდელ მეფეს, ხუან კარლოსის შვილს, ფელიპეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის სამეფო სახლის პრესსამსახური ავრცელებს

შვილისთვის გაგზავნილ წერილში, ხუან კარლოსი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანია, არ შეუშალოს ხელი ამჟამინდელი მონარქის "ბრძნულ და მშვიდ მმართველობას". მოგვიანებით, ადგილობრივმა გაზეთმა El Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუან კარლოსმა ესპანეთი უკვე დატოვა. 

გამოცემის ინფორმაციით, ფელიპემ მოიწონა მამის გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა. ხუან კარლოსის ქვეყნიდან შესაძლო გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა, მაშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილი მონარქი მზად იყო, გადასულიყო სარსუელის რეზიდენციიდან, რომელშიც იგი 58 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

ხუან კარლოსის გამგზავრების მიზეზი მასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. 2020 წლის ივნისში ესპანეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 65 მილიონი ევროს თაობაზე, რომელიც ხუან კარლოსმა მეგობრის, კრისტინა ვიტგენშტეინის ანგარიშზე გადარიცხა. 

ესპანეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხუან კარლოსს შესაძლოა, დაესაკუთრებინა 100 მილიონი დოლარი, რომელიც საუდის არაბეთში რკინიგზის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. აღნიშნული 100 მილიონი დოლარი კი მოგვიანებით შვეიცარიის ბანკში პანამური ფონდის ანგარიშზე აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ხუან კარლოსის სახელს უკავშირდება.

სკანდალის ფონზე, მამის მემკვიდრეობაზე უარი თქვა ფელიპემ. ესპანეთის სამეფო სახლი უარყოფს ხუან კარლოსის კავშირს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებასთან. 

ხუან კარლოსი ბურბონების დინასტიის წარმომადგენელია, იგი მეფე ესპანეთის დიქტატორის ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 1975 წელს გახდა. ხუან კარლოსის მეფობა 39 წელს გაგრძელდა და 2014 წელს დასრულდა, 6 წლის წინ მან მეფობაზე უარი თქვა შვილის სასარგებლოდ.

 

კომენტარები