ბიუჯეტი

თბილისის მერიამ 30-მილიონიანი ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო - რადიო თავისუფლება

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მერიამ მიკროავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც 30 მილიონი ლარია, ერთ კონკრეტულ კომპანიას, ჯი-თი გრუპს მოარგო. ამის შესახებ გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული გამოძიებიდან გახდა ცნობილი. 

თბილისის მერიამ 300 მიკროავტობუსზე ტენდერი თავდაპირველად აპრილში გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით პანდემიის გამო გააუქმა და ხელახლა უკვე 15 ივლისს გამოაცხადა. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, ორივე შემთხვევაში თბილისის მერიამ ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგო. 

ტენდერის პირველად გამოცხადებისას პირობები იმგვარად იყო შედგენილი, რომ მოთხოვნებს მხოლოდ Ford-ის მარკის მიკროავტობუსები აკმაყოფილებდნენ, რომლის დილერიც საქართველოში სწორედ ჯი-თი გრუპია. პირობებიდან გამომდინარე, ტენდერში სხვა კომპანიების მონაწილეობა პრაქტიკულად გამოირიცხა. 

ტენდერის მეორედ გამოცხადებისას თბილისის მერიამ გარკვეული პირობები ამოიღო, თუმცა დაემატა საქართველოში ოფიციალური დილერობის ათწლიანი გამოცდილება, რასაც ასევე, მხოლოდ ჯი-თი გრუპი აკმაყოფილებდა. 

ამ დროისთვის ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ერთ-ერთ კომპანიამ პირობები დავების საბჭოში გაასაჩირვა და გადაწყვეტილების მოლოდინშია. კომპანია ჯი-თი გრუპის დამფუძნებელმა და დირექტორმა 2016-2018 წელს ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს 160 000 ლარი შესწირეს. 

საყურადღებაო ისიც, რომ მერია სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობს აქტიურად, სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა მერიამ 2,8 მილიონი ლარის ღირებულების ნაგვის ურნები, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდა. 

ბოლო 5 წელში აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მერიასთან 5 მილიონი ლარის ტენდერები გააფორმა, მათ შორის ამავე კომპანიამ შემოიყვანა ISUZU-ს მარკის მწვანე ავტობუსები.

კომენტარები