TikTok

ტრამპი: თუ ამერიკული კომპანია TikTok-ს იყიდის, აშშ-მ ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ აპლიკაცია TikTok-ის ამერიკულ ნაწილს ამერიკული კომპანია იყიდის, მთავრობამ გარიგებიდან წილი უნდა მიიღოს. ტრამპმა თქვა, რომ ამის შესახებ უკვე ესაუბრა კომპანია Microsoft-ის ხელმძღვანელს, რომელიც აპლიკაციის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"აშშ-მ ფასის დიდი წილი უნდა მიიღოს, რადგან ეს ჩვენ გავხადეთ შესაძლებელი. ეს შემოსავალი იქნება იმ გაყიდვიდან, რომელზეც არავინ იფიქრებდა ჩემ გარდა. მაგრამ მე ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანია". - თქვა ტრამპმა.

აპლიკაციას ჩინური კომპანია ByteDance ფლობს. ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობას ამ აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლების, მათ შორის ამერიკელების, პირადი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია და ამის გამო მის აკრძალვას გეგმავენ. ტრამპმა თქვა, რომ, თუ აპლიკაციის შეძენაზე ამერიკული კომპანია მოლაპარაკებებს 15 სექტემბრამდე არ დაასრულებს, TikTok ამერიკაში აიკრძალება.

"აშშ-ში TikTok-ის მუშაობა 15 სექტემბერს შეჩერდება, თუ Microsoft ან სხვა კომპანია არ იყიდის მას და შეთანხმებას არ მიაღწევს შესაფერის შეთანხმებას, რომ სახაზინო დეპარტამენტმა დიდი ოდენობით თანხა მიიღოს". - თქვა ტრამპმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტისთვის წილის გადახდის მოთხოვნა გარიგებას გაართულებს. ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი ეს მოთხოვნა მაფიისმაგვარი ქცევაა და აღმასრულებელ ხელისუფლებას მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნია. ჩინურ სახელმწიფო გაზეთში, China Daily-ში კი დაწერეს, რომ პეკინი ჩინური ტექნოლოგიების კომპანიის "მიტაცებას" არ შეეგუება.

თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ თქვა, რომ თუ Microsoft TikTok-ს შეიძენს, შეუძლია, სხვა ჩინურ აქტივებზე უარი თქვას.

Microsoft-ში დაადასტურეს, რომ აპლიკაციის შეძენაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ზომების მიღებას ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი აზრით, აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.

თავდაპირველად, ტრამპი TikTok-ის აკრძალვისთვის ხელის მოწერას პირველ აგვისტოს გეგმავდა.

TikTok-ის წარმომადგენლების განცხადებით, ის ByteDance-ისგან დამოუკიდებლად მუშაობს და არ დაემორჩლება ჩინეთის თხოვნას, გადასცეს მას მომხმარებლების პირადი მონაცემები, ან ცენზურა დაადოს აპლიკაციაში განთავსებულ ვიდეოებს. კომპანიის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა ჩინეთის ხელისუფლებისგან არც მიუღია. TikTok-ის ხელმძღვანელის, კევინ მეიერის თქმით, აპლიკაციის მომხმარებელთა ინფორმაცია ჩინეთის სერვერებზე არ არის შენახული. მაგალითისთვის, აშშ-ში მცხოვრები TikTok-ის მომხმარებლების ინფორმაცია აშშ-ში არსებულ სერვერებზე ინახება.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ჰონგ-კონგში უშიშროების ახალი კანონი მიიღო, რომლითაც პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში, ხოლო კომპანიებს მოუწევთ პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისით, TikTok ჰონგ-კონგიდან გავიდა.

კომენტარები