თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: თუ 3 დღეში საქმეში FBI არ ჩაერთვება, შიმშილს დავიწყებ

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი თავიანთი შვილის სიკვდილის გამოძიებაში FBI-ს ჩართვას მოითხოვენ, რადგან, როგორც ოჯახი ამბობს, გამოძიებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ სახელმწიფო დამნაშავეების კვალს შლის. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით, თუ სამი დღის განმავლობაში ამერიკის ფედერალური ბიურო გამოძიებაში არ ჩაერთვება, ის ამერიკის საელჩოსთან შიმშილს დაიწყებს. 

"გაგზავნილია წერილი ოფიციალურად და თუ არ მოხდება FBI-ს ჩართულობა, აი აქ, ყველა მოწმის წინაშე ვაცხადებ, მე პირადად - დედა, დავჯდები აქ და გამოვაცხადებ შიმშილობას. წერილი გაგზავნა ბატონმა რამიშვილმა, როგორც საჭიროა, ყველაფერი დაურთო, წესით, სამი დღე საკმარისი უნდა იყოს რომ მიაღწიოს წერილმა". - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

მისივე თქმით, თუ პროკურატურა FBI-ს ჩართულობაზე უარს იტყვის, ეს იქნება დამადასტურებელი ფაქტი, რომ ისინი თავად არიან დამნაშავეები და არ აქვთ სურვილი, რომ საქმე გამოიძიონ. 

თამაზაშვილი, ასევე, ამერიკის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრასაც მოითხოვს. როგორც ის ამბობს, მას ასევე პრემიერთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მისგან არანაირი პასუხი არ მიუღია. 

"არანაირი კომუნიკაცია, სრული იგნორი და ფეხზე დაკიდება პრემიერისგან". - ამბობს თამაზაშვილი. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები