თამარ ბაჩალიაშილის საქმე

"სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს" - მაჩალიკაშვილი ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციაზე მივიდა

ტაბულა

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს. მაჩალიკაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციაზე მივიდა. 

"სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს. როგორც ჩემს საქმესთან, ამ ადამიანის მშობლების გვერდით ვიქნები, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. სიცოცხლეს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები.  

ეს არის ამ ხელისუფლების ხერხემლის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული, სახელმწიფოს დანაშაული. ათას რამეს დააბრალებენ, როგორც მე დამაბრალეს, როგორც ჩემს შვილს დააბრალეს. ამ ხელისუფლებას ეს სჩვევია. ამათ კაცური რესურსი ამოწურული აქვთ და ერთი დარჩენიათ - ნაძირლობა, უსინდისობა და უნამუსობა", - თქვა მაჩალიკაშვილმა. 

აშშ-ს საელჩოსთან თამარ ბაჩალიაშილის ოჯახი აქციას მართავს. ოჯახი ითხოვს, რომ საქმე FBI-მ გამოიძიოს. ისინი გამოძიებას არ ენდობიან და ამბობენ, რომ სახელმწიფო დამნაშავეების კვალს შლის.  

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები