თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის ადვოკატი: პირადი კომპიუტერის კლონირება დასრულდა

ტაბულა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიუროში ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის კლონირება დასრულებულია. ადვოკატი, ამ დროისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კომპიუტერიდან ამოღებული მასალებს ელოდება.

"კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის შედეგად გეცოდინება, რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში, ვნახავთ ახლა, ექსპერტებთან ერთად გავივლით. ყველაფერი გვეცოდინება, იყო შეღწევა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია. ყველაფერი დეტალურად მეცოდინება". – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს, 4 აგვისტოს, აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართეს. ოჯახის მთავარი მოთხოვნაა თავიანთი შვილის სიკვდილის გამოძიებაში FBI-ს ჩართვა. ბაჩალიაშვილის დედამ საქართველოში აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაც მოითხოვა. მოგვიანებით კი ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ.

როგორც გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ელჩის წარმომადგენელმა საქმის მოკლე დროში გახსნასთან დაკავშირებით დახმარების იმედი მისცა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს პროკურატურა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას დათანხმდება, ამერიკის საელჩო მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს. ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ, თუ პროკურატურა აღნიშნულზე უარს იტყვის "თავს დაიღუპავს და დაამტკიცებს, რომ თავად არის დამნაშავე". 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები