ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 5 აგვისტოს, რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

გადაწყვეტილება ივლისში ინფლაციის მაჩვენებლის და ფასების დონის შემცირებას უკავშირდება, რაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნითაა გამოწვეული. სებ-ის ინფორმაციით, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2020 წელს კი ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება განაგრძო და 5.7 პროცენტი შეადგინა, თვის დონეზე კი ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის მომდევნო პერიოდში ინფლაცია შემცირებას განაგრძობს, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს". - წერია სებ-ის განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ივნისში ეკონომიკური აქტივობა წლიურად 7.7 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლებმა 14 პროცენტით, იმპორტმა კი წლიურად 22 პროცენტით დაიკლო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები