თსუ

თსუ-ს კურსდამთავრებულები და სტუდენტები: მხარს ვუჭერთ იაგო კაჭკაჭიშვილს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურდამთავრებულები საერთო განცხადებით ეხმაურებიან პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და წერენ, რომ ისინი ამ პროცესის გამო წუხილს გამოთქვამენ.

განცხადებას ავრცელებს Facebook-ის მომხმარებელი თორნიკე შევარდნაძე.

"ღრმად გვწამს, რომ პროფესორთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები არ ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და იკვეთება პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნები. ბოლო დღეების განმავლობაში კი ამ ეჭვების გასაქარწყლებლად საპასუხო ნაბიჯი არ გადადგმულა. ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ამ გაურკვევლობას კი ვერ პასუხობს კომისიის წევრთა განმარტება, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა.

ჩვენ არ შევალთ სამართლებრივ განხილვასა და დებატებში, თუმცა, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია წარმოდგენა, თითქოს, უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გარშემო მსჯელობა უნივერსიტეტის კედლებშივე უნდა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ამგვარმა პრაქტიკამ სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, თსუ მიიყვანა იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ამასთან, სამწუხაროა აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან პროფესორისადმი საჯარო სოლიდარობის ნაკლებობა (ისევე, როგორც უნივერსიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე საჯარო პოზიციის არქონა). მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანები უნდა იდგნენ სოლიდარობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, ვინაიდან, თუ უნივერსიტეტი საკუთარ პროფესორს არ უცხადებს სოლიდარობას, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდა ეუფლებათ. ასევე, იაგო კაჭკაჭიშვილის შემთხვევის მიღმა მიმდინარე პროცესს ვაფასებთ უფრო ფართო პერსპექტივიდან და აღვიქვამთ მას,  კრიტიკულად განწყობილი ხმების განეიტრალების მცდელობად." - წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ იაგო კაჭკაჭიშვილს და წერენ, რომ ის ყოველთვის გამოირჩეოდა უნივერსიტეტის გაჯანსაღებისთვის საჭირო პროცესების მხარდაჭერითა და ჩართულობით.

განცხადებას ამ დროისთვის 53 სტუდენტი და კურსდამთავრებული აწერს ხელს, თუმცა ის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას შეურთდეს.

---

2020 წლის იანვარში იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია. თავად უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი უარყო.

ამის შემდეგ, იაგო კაჭკაჭიშვილმა ივლისში თქვა, რომ რაც რექტორი გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების სერია დაიწყო.

პროფესორის თქმით, სწორედ შარვაშიძის შურისძიების ნაწილია ის, რომ მისი ბრძანებით ეთიკის კომისია შეიქმნა, რომელსაც მისი [კაჭკაჭიშვილის] 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის შესწავლა დაევალა. კომისია კი წლის დასაწყიში შესული საჩივრის საფუძველზე შეიქმნა. მომჩივანი დათო ნადირაძეა, რომელიც, როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც დოქტორის ხარისხის მქონეა და არც თსუ-ის თანამშრომელი.

4 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა - აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია. მას მხარი 37 წევრიდან 32-მა დაუჭირა.

კომენტარები