პოლიტიკა

საქართველოში Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის ავტორიზაცია იქნება აუცილებელი

Facebook-ის მიერ მარტში დაანონსებული ცვლილებები, რომელიც არჩევნებისა და პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას შეეხება, საქართველოშიც ამოქმედდა. ამგვარად, საქართველო იმ 32 ქვეყანას შორისაა, რომელშიც ცვლილებები აგვისტოს დასაწყისიდან შევიდა ძალაში.

Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიის მხარდაჭერის, დეზინფორმაციის შემცირების, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევისა და პოლიტიკური რეკლამის შესახებ გამჭვირვალობის ზრდის სურვილით.

კომპანიაში, ასევე ამბობენ, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესახებ წესები ღიაობას გულისხმობს და მათ ამის შესახებ ინფორმაცია ივნისში გაავრცელეს. პოლიტიკური რეკლამის განთავსების მსურველებმა პირველ რიგში უნდა გაიარონ ავტორიზაცია და რეკლამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში უნდა განათავსონ, სადაც ის შვიდი წლის განმავლობაში შეინახება. 

კომპანიის მიერ დანერგილი ცვლილებები, ასევე, გულისხმობს Paid by ბანერის განთავსებას დარეკლამებულ მასალაზე, რაც ნიშნავს იმ ორგანიზაციის დასახელებას, რომელმაც ამ რეკლამაში ფული გადაიხადა. 

 

კომენტარები