თვითდასაქმებულების დახმარება

ბაქრაძე: მთავრობამ ხალხი შიმშილისთვის გაწირა, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ თვითდასაქმებულები 5 თვის განმავლობაში შიმშილისთვის გაწირა, რათა შემდეგ, მისივე სიტყვებით, წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა. 

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 80 000 თვითდასაქმებული, რომლებმაც მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, დახმარებას მიიღებს. პრემიერი ამტკიცებს, რომ დაანონსებული დახმარება არჩევნებს არ უკავშირდება და, მისივე სიტყვებით, მათი გაცემის დაანონსება იჩქარეს, არჩევნებს რომ არ დაკავშირებოდა.

"ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა, რომ დახმარება მიეღო ყველა თვითდასაქმებულს და აკრიტიკებდა ხელისუფლებას, როდესაც მან შემოიღო დისკრიმინაციული და უაზრო მოთხოვნა დოკუმენტაციის თაობაზე. ამ მოთხოვნის უაზრობა თავიდანვე ნათელი იყო, ამიტომ, გადაწყვეტილება, რომ ყველამ მიიღოს დახმარება, რა თქმა უნდა, სწორი ინიციატივაა, ოღონდ პრობლემა სხვა რამეშია - ხელისუფლებამ 5 თვის მანძილზე შიმშილისთვის გაწირა თვითდასაქმებულები, რომ შემდეგ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერა". – თქვა დავით ბაქრაძემ.  

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, მარტიდან ოქტომბრამდე ადამიანებს 300 ლარის აღება "დაავიწყდებოდათ" და ეს მეთოდი არჩევნებზე, მისივე თქმით, აღარ იმუშავებდა.

"ინიციატივა, რომ თითოეულ ადამიანს მეტად დაეხმაროს მთავრობა, სწორია, ეს არის ის, რასაც ევროპული საქართველო თავიდანვე ითხოვდა. მაგრამ, არასწორი და მიუღებელია, როდესაც მთავრობა ადამიანების გაჭირვებას იყენებს საკუთარი წინასაარჩევნო მიზნებისთვის და ადამიანებს ეხმარება არა მაშინ, როდესაც მათ უჭირთ, არამედ მაშინ, როდესაც მათგან ხმები სჭირდება". – ამბობს ბაქრაძე. 

რას ჰპირდება პრემიერმინისტრი გახარია მოსახლეობას არჩევნებამდე სამი თვით ადრე - სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები