სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი გაჭირვებული ოჯახია და ბევრ ბავშვს უწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება. თუმცა, ხაჟომიების ოჯახის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის ისტორია, ალბათ, ერთერთი უმძიმესია. ბავშვები გარდაბნის რაიონის ე.წ. გიგანტის დასახლებაში, მიტოვებული შენობის ნანგრევების ტუალეტებში მოწყობილ ბინაში ცხოვრობენ - აწვიმთ, როდესაც წვიმს, ათოვთ როდესაც თოვს, სცივათ, როდესაც ზამთარია, არ აქვთ წყალი და ხშირად არც საკვები. ბავშვებიდან ერთერთი შეზღუდული შესაძლებლობებისაა, ოჯახი თავს სოციალური დახმარებით ირჩენს.
ხაჟომიების ოჯახის მძიმე ცხოვრება, მას შემდეგ დაიწყო, რაც პატარა ნიკოლოზს მხედველობის პრობლემები შეექმნა. ბებიას, ლელია ხაჟომიას ბავშვის სამკურნალოდ თბილისში ბინის გაყიდვა მოუწია და ოჯახი საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა, თუმცა მალევე ბინის ქირის გადახდა ვერ შეძლეს, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრების ალტერნატივად მიტოვებული შენობის ტუალეტები მოაწყეს და იქ დაიდეს ბინა. ამ პირობებში ოჯახი უკვე მეოთხე წელია რაც ცხოვრობს.
ხაჟომიების ოჯახის ისტორიის შესახებ საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" საშუალებით შეიტყო. კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ ოჯახს და მათთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო ნივთებით დაეხმარნენ. საქათველოს ეროვნული ლატარია მომავალშიც გააგრძელებს ხაჟომიების დახმარებას.
კომპანია მადლობას უხდის საკუთარ მომხმარებლებს, რადგან ლატარიის ბილეთების შეძენით და თამაშით, ისინი ავტომატურად ხდებიან ქველმოქმედების მონაწილე. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი ხომ სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.