ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 25 აქტივისტს თიენანმენის ჟლეტის პროტესტში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს

ჰონგ-კონგში 25 აქტივისტს, მათ შორის, ცნობილ ოპოზიციონერს ჯოშუა ვონგს და მედია მაგნატს, ჯიმი ლაის, ბრალი წაუყენეს 4 ივნისს თიენანმენის ჟლეტის საპროტესტო არალეგალურ შეკრებაში მონაწილეობისთვის.

ჰონგ-კონგში უკვე 30 წელია ათასობით მომიტინგე ყოველწლიურად იკრიბება, რათა ჩინეთის სახალო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროდემოკრატიული მოძრაობის, ყველაზე სისხლიანი დარბევა გააპროტესტონ. ისინი ითხოვენ, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს პეკინში თიენანმენის ჟლეტაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

აქტივისტები სასამართლოს წინაშე 15 სექტემბერს უნდა წარდგნენ.

1989 წლის შემდეგ წელს პოლიციამ 4 ივნისის შეკრება პირველად აკრძალა, რის მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია დაასახელა. ამის მიუხედავად, პროტესტში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთელი ქალაქის მასშტაბით.

"აშკარაა, რომ რეჟიმი გეგმავს მორიგ შეტევას ქალაქის აქტივისტებზე, ყველა საშუალებით. შესაძლოა, მალე ჩვენი ხმები აღარ ისმოდეს და ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო ქალაქის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის გააგრძელებს ლაპარაკს". – თქვა ვონგმა.

აღსანიშნავია, რომ ვონგი სასამართლოს წინაზე გუშინ წარდგა მსგავსი ბრალდებების გამო, რაც გასული წლის აქციას ეხება. ამ საქმეზე განაჩენს წლის ბოლოს ელოდებიან.

2020 წლის 4 ივნისს თიენანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წელს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რომელიც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით, ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ. კონტინენტურ ჩინეთში თიენანმენი ტაბუდადებული თემაა.

------

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები