თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ზეგ-ის დირექტორი: თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა

კომპანია ზეგ-ის დირექტორის თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი, რომელშიც გამოძიებამ ვერაფერი საინტერესო ვერ ნახა, კომპანიის საკუთრება იყო. მან მთავარი არხის ეთერში დაადასტურა, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, ბაჩალიაშვილს კომპიუტერიდან ფაილები თავად წაეშალა.

"თამუნას უნდა დაებრუნებინა ორშაბათს (20 ივლისს). ეს არის ერთერთი პირველი ვერსია [რომ მას გაესუფთავებინა]. ხუთშაბათს (16 ივლისს) გაგვაგებინა, რომ მიდიოდა, პარასკევს უნდა მოსულიყო და ვუთხარი, ორშაბათს მოსულიყო ლეპტოპის დასაბრუნებლად. რომ მოიტანდა, არ უნდა დაგვხვედროდა არანაირი ინფორმაცია". – თქვა კობერიძემ.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გამომძიებლებმა და ექსპერტებმა 4 აგვისტოს ნახეს. ადვოკატის თქმით, ლეპტოპში ფოტოების გარდა არანაირი სხვა ფაილი არ არსებობს, რაც მას ეჭვს უჩენს.

"ბოლოს არის შესული 18-ში, 11 საათზე, არის რაღაც საიტიც მითითებული და ესეც დასადგენია, რა საიტია. Facebook-ი და Instagram-ი საერთოდ არ არის ლეპტოპში. ამავდროულად, სისტემური და მომხმარებლის ფოტოებია და რაც ძალიან საინტერესოა, არანაირი სხვაგვარი ფაილები არ არსებობს. აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშეა ჩასართველი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები". – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები