კანადა-ჩინეთი

კანადა პეკინს მოუწოდებს შეიწყალოს კანადელი, რომელსაც ჩინეთში სიკვდილით დასჯა ელის

Global News

6 აგვისტოს ჩინეთის სასამართლომ კანადელ სუ ვეიხუნგს ნარკოტიკების დამზადებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა – 2018 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კანადამ ჩინური კომპანიის ხუავეის აღმასრულებელი დირექტორი დააკავა, ის მესამე კანადელია, რომელსაც ჩინეთში ნარკოტიკების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო კანადის მოქალაქის სიკვდილით დასჯის განაჩენით "ღრმად შეშფოთებულია" და ჩინეთს მოუწოდებს, რომ სუ ვაუხუნგი შეიწყალოს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, ვანგ ვენპინმა თქვა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ძალიან სერიოზულია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

"არ მგონია ამან ჩინეთ-კანადის ურთიერთობებზე რაიმე გავლენა იქონიოს". – დასძინა მან.

ამავე საქმეში, კიდევ ერთ პირს, ჩინეთის მოქალაქეს, წარუდგინეს ბრალი ნარკოტიკების დამზადებისთვის. კანადელისგან განსხვავებით, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ხუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მენგ ვანჭოუ, კანადაში დააკავეს, ჩინეთმა კანადის ორ მოქალაქეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.

მენგის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩინეთში ორი კანადელი, ბიზნესმენი მაიკლ სპავორი და ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი დაიჭირეს. 2020 წლის ივნისში მათ ბრალი დასდეს შპიონაჟში.

კომენტარები