აგვისტოს ომი

აშშ-ს საელჩო: შეწყვიტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება

usingeo

აშშ-ს საელჩო საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. 

მათი განცხადებით, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას ცდილობენ. 

"გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ, დამატებით, ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას". – წერია განცხადებაში. 

აშშ-ს საელჩომ საქართველოში თავიანთ განცხადებაში მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავიანთი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. 

"2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასიათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები