გიორგი ნონიაშვილი

გიორგი ნონიაშვილი: რა ინტერესები გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიაში?

გიორგი ნონიაშვილი
0 კომენტარი

საქართველოსთვის უფრო "ახლოს" არის შორეული გეოგრაფიული წერტილები, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასია. პოლიტიკურ ურთიერთობებში, მანძილი მხოლოდ კილომეტრებით არ იზომება. ჩვენი ხალხის ცოდნაც და ინტერესიც უახლოესი სამეზობლოს მიმართ უკიდურესად მწირია. შესაძლოა, გულმოდგინეთ განვიხილოთ საფრანგეთში, აშშ-ში ან თუნდაც სკანდინავიაში მომხდარი ამბები, მაგრამ აქვე, ახლოს, ინგუშეთში რა პროცესები მიმდინარეობს, წარმოდგენა არ გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენც და ხელისუფლებებსაც გვავიწყდება, რომ მოსკოვი ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილოეთ-კავკასიას იყენებს. ასე მოხდა 2008 წელსაც. “აგვისტოს ომში” ჩვენს წინააღმდეგ ჩრდილო-კავკასიურმა ბატალიონმა "ვოსტოკმა" იომა.

ამას განაპირობებს ის, რომ თანამედროვე საქართველოს, არ აქვს და არასდროს ჰქონია მწყობრი კავკასიური პოლიტიკა. მართალია, იყო მცდელობები, ერთჯერადი ინიციატივები, რეაქციული აქტივობები, მაგრამ არა - თანმიმდევრული და გააზრებული სტრატეგია. იმისათვის რომ გავიგოთ, გვჭირდება თუ არა რაიმე სახის პოლიტიკა ჩრდ. კავკასიაში, ჯერ უნდა გავიაზროთ, რა ინტერესები შეიძლება გვქონდეს ამ მიმართულებით და წარსული ამბებიც გულისყურით გავაანალიზოთ.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საწყის ეტაპზე, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი არ ფიქსირდებოდა. 1990-1991 წლების ინტერვიუებში, პრეზიდენტი ერთიანი კავკასიური სახლის იდეას უტოპიას და დემაგოგიას უწოდებდა. აფხაზეთში, ცხინვალსა და თბილისში შექმნილი მზარდი დაძაბულობის შემდეგ, გამსახურდიას ადმინისტრაციამ თანამშრომლობის სურვილი გამოავლინა ჩრდილოეთ კავკასიასთან. ამგვარი შემობრუნება იმითაც იყო განპირობებული, რომ დასავლელი მოკავშირეების ძებნა რთული აღმოჩნდა. წინა პლანზე წამოიწია "კავკასიური სახლის" იდეამ, რომელიც, უფრო მეტად, ანტირუსული კოალიციის შექმნის მცდელობა იყო. ცხადი იყო, რომ გამსახურდიას სურდა, ჩრდილოკავკასიური პოლიტიკური პროცესები და კრიზისები გამოყენებულიყო როგორც შიდა პრობლემების (აფხაზეთი და სამაჩაბლო) მოსაგვარებლად, ასევე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კავკასიური კოალიციის შეკვრას, პრეზიდენტი, ერთადერთ გამოსავლად ასახელებდა კრემლის ინტერესების დასაბალანსებლად. თუმცა, ამ დროისთვის, პირველი პრეზიდენტი, ადმინისტრაციასთან ერთად, უკვე დევნილობაში იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ გამსახურდიას ხელისუფლება რიტორიკას ვერ გასცდა. კავკასიური კონსოლიდაციის შესახებ საუბრის გარდა ხელშესახები არაფერი იყო.

შევარდნაძის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ ეტაპზე, ხელისუფლება ცდილობდა, რუსეთსა და კავკასიელ ხალხებს შორის დაპირისპირებებთან მაქსიმალურად დისტანცირებულიყო. ეს ნათლად გამოიკვეთა ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. ვცდილობდით, თანმიმდევრული ვყოფილიყავით სეპარატიზმის შესახებ დამოკიდებულებაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ.

ჩრდილოეთ კავკასია მაინც თავის ტკივილად გვექცა. მოსკოვი, თბილისის წინააღმდეგ, ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს მაქსიმალურად ახალისებდა, შედეგად კი, ისინი "აფხაზეთის ომის" დაწყებისთანავე ჩაერთვნენ საბრძოლო მოქმედებებში. ომის დასრულების შემდეგ, საქართველომ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინა რეგიონის მიმართ და მხარს უჭერდა საერთო კავკასიურ თანამშრომლობის მცდელობებს. მეტიც, ცდილობდა რეგიონალური ლიდერის როლი ეკისრა ამ თანამშრომლობაში. პრეზიდენტი შევარდნაძე, კავკასიური დიალოგის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, მისი "მშვიდობიანი კავკასიის" კონცეფციის მიხედვით, კავკასიის ქვეყნები და ხალხები მარტო ვერ დარჩებოდნენ და დიალოგის ფორმატში, აუცილებელი იყო რუსეთის ჩართვაც, წამყვანი როლით. შევარდნაძე ცდილობდა მოსკოვი დაერწმუნებინა, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთისთვისაც ხელსაყრელი იყო . პრეზიდენტი ხშირად იმეორებდა რომ "აფხაზეთის ომის" გამო, რუსეთს სირთულეები შეექმნებოდა, რადგან კონფლიქტს, ჩრდ. კავკასიაზე გადამდები ეფექტი ექნებოდა. შესაბამისად, კრემლსაც ესაჭიროებოდა კავკასიური დიალოგი.

საბოლოოდ, შევარდნაძის ადმინისტრაციას სურდა, კავკასიელ ხალხებს შორის მშვიდობის მშენებლობის მთავარი ინიციატორი ყოფილიყო. აღნიშნული საკითხი ფორმალურ რიტორიკას გასცდა და კონკრეტული მცდელობების, საპარლამენტო ჯგუფების, ღონისძიებების, ოფიციალური შეთანხმებების სახეც კი მიიყო.

მიუხედავად ხსენებული მცდელობებისა, ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობებას მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც არ დასტყობია. ჩრდილოკავკასიელები ოფიციალური თბილისის მიმართ კვლავ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი და სეპარატისტულ რეგიონებს უჭერდნენ მხარს. გამონაკლისი იყო ჩეჩნეთი, რომელთანაც 1997 წლიდან ურთიერთობის ნორმალიზება მოხერხდა. 1999 წელს, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, პრეზიდენტმა მასხადოვმა თხოვნითაც კი მიმართა შევარდნაძეს, გროზნოსა და მოსკოვს შორის მედიატორი ყოფილიყო. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ნაწილში უკან დაიხია, მაგრამ, პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფასად, კარი გაუხსნა ჩეჩენ დევნილებს.

მთლიანობაში, შევარდნაძის ადმინისტრაციისთვის კავკასიაში მშვიდობის მშენებლობა ნიშნავდა საქართველოსთვის ხიფათის განეიტრალებას. "აფხაზეთის ომის" შემდეგ, ცხადი იყო,რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, საქართველოზეც ჰქონდა გავლენა. უმთავრესი ამოცანა იყო, რომ ჩვენს საშინაო კონფლიქტებში, მათი ჩართულობა არ მომხდარიყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევარდნაძის ადმინისტრაციის პოლიტიკა იყო რბილი, ლავირების პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა რეგიონულ აქტიურობასა და პარტნიორების ძებნას ისე, რომ კრემლს ამ პროცესში საფრთხე არ დაენახა.

შევარდნაძის მსგავსად, საკითხისადმი სააკაშვილის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაც ორ ეტაპიანი იყო. 2008 წლამდე, ჩრდილოეთ კავკასიასთან მაქსიმალური დისტანცირება მოხდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, არცერთი პოლიტიკური აქტივობა არ მიანიშნებდა, რომ სახელმწიფო დაინტერესებული იყო ჩრდ.კავკასიით. თბილისი ცდილობდა, მოსკოვთან კონსტრუქციულ და თანამშრომლობით ურთიერთობას. მაგალითად, საქართველომ, რუსეთს რამდენჯერმა გადასცა ჩრდილო-კავკასიელები, რომლებიც იქ ძებნაში და პოლიტიკურ დევნილობაში იყვნენ. სააკაშვილის ადმინისტრაცია, ძირითადად, მაინც სამხრეთ კავკასიაზე იყო ორინტირებული. "აგვისტოს ომის" შემდეგ, თბილისი მკვეთრად გააქტიურდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. მოსკოვმა ხომ ომში, საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიელებით დაკომპლექტებული ბატალიონი "ვოსტოკი" გამოიყენა.

თბილისი სხვადასხვა პოლიტიკური, საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებებით ცდილობდა ჩრდილოკავკასიელ ხალხების თბილისთან დაახლოვებას. 2010 წელს, გაეროს ასამბლეის პლენარულ სესიაზე, სააკაშვილი კვლავ „ერთიანი კავკასიის“ კონცენფციით წარდგა, რომელსაც კრემლი მტრულად შეხვდა. შემდგომ პერიოდშიც, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით, საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურებით, რუსულენოვანი კავკასიური არხის, "პიკის" შექმნით, ჩერქეზების გენოციდის აღიარებით, "ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან სახელმწიფო კონცეფციის" შემუშავებით და სხვა; თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯები უყურადღებოდ არ დარჩენილა. ჩრდ.კავკასიელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტორები თბილისთან დამეგობრების წინააღმდეგნი არ იყვნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააკაშვილის ადმინისტრაცია ცდილობდა, ჩრდ. კავკასიაში რბილი ძალის შექმნას, რომელსაც მოსკოვთან პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებდა. წინა ხელისუფლება ცდილობდა, ჩრდ. კავკასიაში რუსული პროპაგანდის მიერ დემონიზებული საქართველოს იმიჯის გამოსწორებას, ჩრდ. კავკასიიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას, პოზიციების/გავლენის გაძლიერებას ამ რეგიონში და ჩრდილოკავკასიელების უნდობლობის გაჩენას აფხაზების მიმართ.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩრდ. კავკასიური ხაზის გაძლიერებას ან შესუსტებას, მეტწილად, მოსკოვთან ურთიერთობის დინამიკა განაპირობებდა. ჩრდ. კავკასიით დაინტერესება, ძირითადად, ემთხვეოდა მოსკოვთან საგარეო ურთიერთობაში დაძაბულობის ზრდას. რბილი დაბალანსების თეორიის მიხედვით, სუსტი სახელმწიფოები ძლიერი სახელმწიფოების დაბალანსების მიზნით, ხისტი ძალის ნაცვლად, რბილი დაბალანსების პოლიტიკას ირჩევენ, რაც არამილიტარისტულ ზომებს ეფუძნება. საქართველოს უსაფრთხოების მთავარი მიზანი/ინტერესი რუსული აგრესიის შემცირებაა. შესაბამისად, ჩრდ. კავკასიაში პოზიციების გაძლიერება, სწორედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად გვესახება. საქართველოს მხრიდან ნებისმიერი, არამილიტარისტული ფორმით განხორციელებული პოლიტიკა (მაგალითად, კულტურული კავშირებით, ჩრდილოკავკასიელების კეთილგანწყობის ზრდით) თუ გაძლიერდება ჩრდ. კავკასიაში, მოსკოვის ქმედებები საქართველოს მიმართ სულ უფრო ფრთხილი და მოზომილი გახდება.

ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ჩრდ. კავკასია ყველა ხელისუფლებას უნდა განეხილა არა მხოლოდ რუსეთად, არამედ ცალკეულ აქტორებად და საფრთხეებად. მათი მხოლოდ მოსკოვთან მთლიანობაში ან/და მოსკოვთან ურთიერთობის ნაწილად განხილვა არასწორია.. ამ შეცდომას წინა ხელისუფლებები ხშირად უშვებდნენ და იმავე შეცდომას იმეორებს მოქმედი ხელისუფლებაც. ჩრდ.კავკასია, რეგიონალური უსაფრთხოების დამოუკიდებელ ელემენტებად უნდა განვიხილოთ.

უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს როგორც ოფიციალური მოსკოვი, ისევე ჩრდ. კავკასია როგორც მთლიანობა და ჩრდ. კავკასიის ერთეულები ცალ-ცალკე. რეგიონალური უსაფრთხოების კომპლექსის თეორიის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ სახელმწიფოები არ არიან აქტორები. ერთეულთა ერთობლიობა (მაგალითად, კავკასია) იმდენად არის ურთიერთდაკავშირებული, რომ მათი უსაფრთხოების პრობლემების ანალიზი ან აღმოფხვრა ერთმანეთისგან განცალკევებით შეუძლებელია.

ჩრდ. კავკასია პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე და მიმდინარე შიდა პროცესებზე. ჩრდ. კავკასიის ერთეულები, როგორც აქტორები და როგორც მოსკოვის იარაღი, ყველა ეტაპზე, თავისი ჩართულობით, ზემოქმედებდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით, კონფლიქტებზე. შესაბამისადა, ჩვენი უპირველესი ინტერესია, ჩრდ. კავკასიაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა და კონფლიქტებში მათი უშუალო ჩართულობა შემცირდეს.

ასევე ჩვენს ინტერესად უნდა მოვიაზროთ: ჩრდ. კავკასიის არასტაბილური პროცესების საქართველოზე გადამდები ეფექტის აცილება; ჩრდ. კავკასიიდან მომდინარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის ინტერესი (მაგ. რადიკალური ისლამის გაძლიერება); რუსული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა კავკასიაში და ამ რეგიონის ხალხში მეტი პოზიტივის გაჩენა საქართველოს მიმართ; ეკონომიკური მოგების მიღება ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან კავშირების გაღრმავებით;

წინა ხელისუფლებები ჩრდ. კავკასიაში ინტერესების იდენტიფიცირებას ადრე თუ გვიან ახდენდნენ. პოლიტიკური რიტორიკა და ნაბიჯები ზოგჯერ რეაქციული იყო. ზოგჯერ კი, პროაქტიური. ჩრდ. კავკასიურ აქტორებთან ურთიერთობის ნორმალიზება ხან გამოდიოდა და ხან არა. ამისგან განსხვავებით, ივანიშვილის ხელისუფლება არის ერთადერთი, სადაც არ ჩანდა ჩრდ. კავკასიის მიმართ ინტერესები და არ არსებობდა რაიმე მცდელობა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულიყო. თუნდაც, წინა ხელისუფლებების მსგავსად არათანმიმდევრულად.

ვრცლად ამ თემის შესახებ: გიორგი ნონიაშვილი, საქართველოს მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური კურსი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, 2018; - წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები