ტურიზმი

ავიაკომპანია LOT-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავას ჩარტერულ რეისებს 14-15 აგვისტოს შეასრულებს

ავიაკომპანია პოლონეთის ავიახაზები (LOT) 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენის განრიგი ასეთია:

  • 14 აგვისტოს ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
  • 15 აგვისტოს, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ LOT-ს ჩარტერული ფრენის ნებართვა 7 აგვისტოს მისცა. ბილეთის შეძენის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

პოლონეთი მზად იყო, საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გაეხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ "მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონის" საბაბით უარი უთხრა. იქამდე, პოლონელმა დეპუტატმა, მალგოჟატა მარია გოშიევსკამ საქართველოს მთავრობა პოლონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების უპირობოდ არგახსნის გამო გააკრიტიკა. 

საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ - თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს", კვირაში ორჯერ შეასრულებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მხოლოდ 10 დღის წინ, 19 ივლისს ამბობდა, რომ "როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია". 28 ივლისს კი განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, "საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას".

კომენტარები