7 მითი აგვისტოს ომზე

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" – მითი აგვისტოს ომზე

2008 წლის ომის შესახებ მითებს შორის ერთ-ერთია, რომ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ. 

ტაბულასთან საუბარში ბაქრაძე ამბობს, რომ მითი იმდენად არის გავრცელებული, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ მოისმინა. მისივე თმით, სინამდვილეში ასეთი მოწოდება არ გაუკეთებია. 

"იყო ჩემი მხოლოდ ერთი გამოსვლა, მაშინ, როდესაც რუსული არმია შედიოდა ზუგდიდში და ეს ინფორმაცია ჩვენ წინასწარ მივიღეთ. გაჩნდა იმის მყისიერი საფრთხე, რომ რუსები და მათთან ერთად შესული აფხაზები მოაწყობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებას. უშიშროების საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, წინასწარ გაგვეფრთხილებინა მოსახლეობა, რომ შესაძლებელი იყო ზუგდიდის დაკავება, რომ ადამიანებს დაეჭირათ თადარიგი და ვისაც სურდა ქალაქის დატოვება, დაეტოვებინა და ყოფილიყვნენ მომზადებული. 

მე დამევალა გადაწყვეტილების გახმოვანება. ეს არ იყო არც ჩემი გადაწყვეტილება და, მით უმეტეს, მისი შინაარსი არ იყო თავის დაცვისკენ მოწოდება - შინაარსი იყო ის, რომ არსებობს ასეთი საფრთხე და თუ ამას გადაწყვეტს რუსეთი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს ძალა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაწიოკებაზე გადავიდეს, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ყველა იარაღს ავიღებთ ხელში და ყველა დავიცავთ ქვეყანას. 

ამ ბრიფინგის მთავარი ადრესატი იყო რუსეთი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი - თუ ის ზუგდიდში დააწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ საქართველო გადავიდოდა გლობალურ პარტიზანულ ბრძოლაზე. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ეს მაშინ ძალიან თავისებურად გაიგო, გაავრცელა და შემდეგ მთელი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, მაშინ რუსეთმა ეს გზავნილი მიიღო, გაიგო და, სხვათა შორის, ზუგდიდში შესვლის შემდეგ მათ აფხაზური ე.წ. შენაერთებიც გააჩერეს და ზუგდიდშიც შედარებით კორექტულად იქცეოდნენ. 

ძალიან ბევრი ეძებეს ეს დანა-ჩანგლების ჩანაწერი ჩვენმა ოპონენტებმა ჩემი საპრეზიდენტო კამპანიების დროსაც, საპარლამენტო კამპანიების დროსაც, ვერ იპოვეს და აქედან გამოიტანეს მარტივი დასკვნა, რომ ბაქრაძემ მოახერხა და Youtube-დანაც წააშლევინა ყველაფერიო - არ არსებობს 21-ე საუკუნეში ყველაფერი წაშალო. ვერ იპოვეს, იმიტომ, რომ არ არსებობს". – ამბობს ბაქრაძე.

კომენტარები