პოლიტიკა

ესპანეთის ყოფილი მეფე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა [ფოტო]

NIUS

ესპანეთის ყოფილი მეფე, ხუან კარლოსი ქვეყნის დატოვების სკანდალური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამოჩნდა.

ესპანური მედია ჯგუფის, NIUS-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ ყოფილი მონარქი აბუ-დაბიში ჩავიდა.

BBC-ის ინფორმაციით, ხუან კარლოსს მთელი სართული აქვს დაკავებული აბუ-დაბის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. 

ესპანეთის სამეფო ოჯახი და ადგილობრივი მთავრობა, ჯერჯერობით, უარს ამბობს ყოფილი მონარქის ადგილმდებარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

ხუან კარლოსის ესპანეთიდან გამგზავრების მიზეზი მასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. 2020 წლის ივნისში ესპანეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება 65 მილიონი ევროს თაობაზე, რომელიც ხუან კარლოსმა მეგობრის, კრისტინა ვიტგენშტეინის ანგარიშზე გადარიცხა. 

ესპანეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ ხუან კარლოსს, შესაძლოა, დაესაკუთრებინა 100 მილიონი დოლარი, რომელიც საუდის არაბეთში რკინიგზის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. აღნიშნული 100 მილიონი დოლარი კი, მოგვიანებით, შვეიცარიის ბანკში პანამური ფონდის ანგარიშზე აღმოჩნდა, რომელიც სწორედ ხუან კარლოსის სახელს უკავშირდება.

სკანდალის ფონზე, მამის მემკვიდრეობაზე უარი თქვა მისმა შვილმა, ფელიპემ. ესპანეთის სამეფო სახლი უარყოფს ხუან კარლოსის კავშირს რაიმე სახის კორუფციულ გარიგებასთან. 

ხუან კარლოსი ბურბონების დინასტიის წარმომადგენელია, იგი მეფე გახდა ესპანეთის დიქტატორის ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 1975 წელს. ხუან კარლოსის მეფობა 39 წელს გაგრძელდა და 2014 წელს დასრულდა, 6 წლის წინ მან მეფობაზე უარი თქვა შვილის სასარგებლოდ.

უფრო ვრცლად, რატომ დატოვა და რით დაამახსოვრდება ესპანეთს ყოფილი მეფე – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები