არჩევნები 2020

უგულავა: მხარს ვუჭერთ ზურაბ ჯაფარიძეს, რომ იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი

ტაბულა

"ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად, ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ, სწორედ, ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა არჩევნებში ზურაბ ჯაფარიძის მაჟორიტარ კანდიდატობას, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში . 

უგულავა ჯაფარიძეს წარმატებასა და გამარჯვებას უსურვებს. 

"საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან, გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე. ევროპული საქართველო მზად ვართ, ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიახ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა". – წერს უგულავა facebook-ზე

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატობაზე ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დაწერა. მისი თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ეს კეთილგანწყობა "გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

კომენტარები