ქართული ოცნება

მკოიანი ამტკიცებს, რომ კავკასიური აქცენტის მქონე ვასილი და ვანია რუსულად აშანტაჟებენ

0 კომენტარი

ქართული ოცნების წევრის, ენზელ მკოიანის უფლებადამცველის, ტარიელ მურმანიშვილის თქმით, დეპუტატს კავკასიური აქცენტის მქონე, ვინმე ვასილი და ვანია შანტაჟის შემცველ შეტყობინებებს რუსულად Facebook Messenger-ით და Whatsapp-ით უგზავნიან, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და 5 მილიონი დოლარის გადარიცხვას სთხოვენ.

"ბატონ ენზელ მკოიანს დაურეკეს მისსავე მობილურ ტელეფონში, მესენჯერის საშუალებით შემოვიდა ზარი, იქიდან მოსაუბრე პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადა, რომ საერთოდ ჩამოსცილებოდა პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად არ განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს." – ამბობს მურმანიშვილი.

უფლებადამცველის თქმით, მკოიანს 24 ივლისს უკვე Whatsapp-ით დაუკავშირდა ორი პიროვნება და 5 მილიონი დოლარის მითითებულ ანგარიშებზე არჩარიცხვის შემთხვევაში, მოკვლით ემუქრება. 

"მიმართვა ასეთი იყო - ეი, ოლიგარქ, როგორა ხართ, ბიზნესში რომ ხართ და რომ საქმიანობთ, რატომ არ იხდით ფულსო და უნდა გადაგვიხადო 5 მილიონი ამერიკული დოლარიო." – თქვა დეპუტატის უფლებადამცველმა.

მკოიანმა და მისმა ადვოკატმა პროკურატურას 30 ივლისს მიმართეს, საქმის გამოძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა პოლიციამ დაიწყო და დეპუტატი 2 დღის წინ დაკითხა. მკოიანი ითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფოსგან დაცვის დანიშვნას მოითხოვოს.

ენზელ მკოიანი, რომელიც მმართველ პარტიას 2020 წლის არჩევნებზე ახალქალაქში უნდა წარედგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების წევრი მოქალაქეს თავის თანამზრახველებთან ერთად გადატენილი იარაღით მისდევს, აღარ წარადგინა და სამველ მანუკიანით ჩაანაცვლა.

ენზელ მკოიანის სახელსა და გვარს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეც. ბოლო გახმაურებული ამბავი კი 26 მარტს მოხდა, როდესაც ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები