თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის GMAIL გაიხსნა, ვიღაცას წვდომა აქვს

რადიო თავისუფლება / Screengrab

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შსს დატოვეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ რამიშვილმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, არის ვრცელი ინფორმაცია, თუმცა – "არის რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია, რადგან გარკვეული დრო 13-დან 18-მდე სამწუხაროდ, უცნაურადაა წაშლილი". – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ელექტრონულ ფოსტაზე სხვა პირსაც აქვს წვდომა.

"ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, რიცხვის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი შეტყობინებები, მიწერ-მოწერა არაა, რაც არამარტო ჩემთვის, გამოძიებისთვისაც კითხვის ნიშანია [...] რაღაც ეჭვი გაჩნდა, რომ შესაძლებელია და ეს გადამოწმდება. ეჭვი კი არა, ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით, როგორ და რანაირად ამას გამოძიება დაადგენს". – ამბობს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები