თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: ჩვენ და გამოძიება მივედით იქამდე, რომ მკვლელობის ვერსიაზეც სერიოზულადაა სამუშაო

ტაბულა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შსს დატოვეს. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ რამიშვილმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ ოჯახიც და გამოძიებაც ერთ პოზიციამდე მივიდნენ, რომ მკვლელობის ვერსიაზეც სერიოზულადაა სამუშაო.

"თავიდანვე იყო გარკვეული პოზიციების სხვადასხვაობა ჩვენსა და გამოძიებას შორის, მაგრამ ბოლოს მაინც მივედით ერთ პოზიციამდე, რომ აქ არაა მარტო თვითმკვლელობაზე საუბარი, არც თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, აქ უკვე მკვლელობის ვერსიას ისეთ პოზიციაზეა, რომ ამ ვერსიაზეც სერიოზულადაა სამუშაო". – ამბობს რამიშვილი ფორმულასთან საუბარში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები