ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დიპლომატიურ ურთიერთობას დაამყარებენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ისრაელი შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე. შეთანხმება მოიცავს ისრაელის მიერ დასავლეთი ნაპირის ანექსიის გეგმების გაუქმებას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა 12 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს, ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის პრინც მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიენს შორის. 

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურიდან პირველი არაბული და ზოგადად მესამე არაბული ქვეყანაა, რომელსაც ისრაელთან აქტიური დიპლომატიური კავშირი ექნება. 

ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. 

"ახლა, როდესაც ყინული დაიძრა, მე ველი, რომ სხვა არაბული და მუსლიმური ქვეყნები მიბაძავენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს" – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ს, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ისრაელის საერთო განცხადების მიხედვით, დელეგაცია მომავალ კვირებში შეიკრიბება, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას პირდაპირ ფრენებზე, უსაფრთხოებაზე, ტელეკომუნიკაციაზე, ენერგიაზე, ტურიზმსა და ჯანდაცვაზე. ორი ქვეყანა ასევე ითანამშრომლებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აქებს შეთანხმებას: 

"ეს შესანიშნავი მიღწევაა მსოფლიოს ორი ყველაზე მოწინავე, ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფოსთვის და ასახავს ეკონომიკურად ინტეგრირებულ რეგიონზე მათ საერთო ხედვას. ეს ასევე ასახავს მათ ძალისხმევას, დაუპირისპირდნენ საერთო საფრთხეებს".

არაბული ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ იორდანიას და ეგვიპტეს აქვთ ისრაელთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები. ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია 1979 წელს, ხოლო იორდანიამ - 1994 წელს.

ნეთანიაჰუ ცდილობდა მიწებზე, რაც პალესტინელებს უნდოდათ, აეგო დასახლებები და ის მხარს უჭერდა ტრამპის შემოთავაზებას, რაც მას უფლებას მისცემდა დაეკავა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის დიდი ნაწილი, პალესტინელებს კი სხვა ნაწილში შეზღუდულ ავტონომიას მიანიჭებდნენ.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქვეყანა უფრო აძლიერებს მის საერთაშორისო კამპანიას, რათა მას ახლო აღმოსავლეთში ტოლერანტობის შუქურად ხედავდნენ მიუხედავად იმისა, რომ ავტოკრატი მმართველები ჰყავს.

პალესტინელებისთვის ეს გამარჯვებაცაა და უკან დახევაც. შეთანხმება ისრაელის მიერ ანექსიის გეგმებს აუქმებს, თუმცა პალესტინელები, არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდებდნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოეხდინათ მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დაარსების სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდნენ.

კომენტარები