საქართველოს ელჩი ბრიტანეთში

სოფიო ქაცარავა თბილისშია, არ გვეუბნებიან, კარანტინი გაიარა თუ არა

ქართული ოცნება

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, სოფიო ქაცარავა ქვეყანაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გაუვლელად შემოვიდა. ტაბულასთან საუბარში სოფიო ქაცარავამ დაადასტურა, რომ ის ამჟამად საქართველოში იმყოფება.

კითხვაზე, გაიარა თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი, ქაცარავამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა. ტაბულა უწყებაში ინფორმაციის მიღებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას დიდი ბრიტანეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ე.წ. "მწვანე ქვეყნების" სიაში არ შეუყვანია. ეპიდსიტუაცია გაერთიანებულ სამეფოში საკმაოდ მძიმეა – ქვეყანაში გამოვლენილია COVID 19-ის 313 798 დადასტურებული შემთხვევა, სულ გარდაიცვალა 41 347 ადამიანი.

გასულ თვეში, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის გაუვლელად ბრიუსელიდან შემოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც. ეს ყოველივე იმ ფონზე, როდესაც "მწვანე ქვეყნების" სიაში შეყვანილი 5 სახელმწიფოდან შემოსვლის შემთხვევაშიც კი საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა უწევთ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი, არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

სოფიო ქაცარავა 2019 წლის ნოემბრამდე ქართული ოცნების წევრი და IX მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. მან პარტია და მანდატი ერთდროულად დატოვა, როდესაც მმართველმა გუნდმა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტი ჩააგდო.

აქედან რამდენიმე თვეში სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

კომენტარები