ბელარუსი-რუსეთი

კრემლი: ლუკაშენკო და პუტინი დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსის პრობლემა მალე გადაიჭრება

კრემლი ადასტურებს, რომ 15 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კრემლის განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსის პრობლემები მალე გადაიჭრება.

"ეს პრობლემები არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციული ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო კავშირს საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში," – აცხადებს კრემლი. 

ლუკაშენკომ მანამდე თქვა, რომ "საჭიროა პუტინთან დაკავშირება, რომ ახლა შევძლო მასთან საუბარი, რადგან ეს უკვე მხოლოდ ბელარუსის საფრთხე აღარ არის".

"ბელარუსის დაცვა დღეს არანაკლებია, ვიდრე ჩვენი საერთო სივრცის, საკავშირო სახელმწიფოს დაცვა... ვინც დღეს ქუჩაში დაეხეტება, მათ უმეტესობას ეს არ ესმის," – ინფორმაციას The Guardian ადგილობრივ მედიაზე დაყრდობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 7 დეკემბერს 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ "საკავშირო სახელმწიფოს" შესახებ ხელშეკრებულებას ხელი მოაწერა. 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მომავალში რუსეთსა და ბელარუსს საერთო კონფედერაცია უნდა შეექმნათ. ამ გეგმით მათ ერთიანი კონსტიტუტცია, პარლამენტი, ერთიანი სავალუტო და საგადასახადო რეჟიმი, საერთო თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა ექნებოდათ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლი ბელარუსზე მზარდ ზეწოლას ახორციელებდა და მისგან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის დაჩქარებას მოითხოვდა. 

2019 წლის დეკემბერში პუტინსა და ლუკაშენკოს შორის ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოჰყვა.

ლუკაშენკოს 2020 წლის დასაწყისში ნათქვამი აქვს, რომ მოსკოვი მინსკს ენერგოფასებზე შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანებაზე ანიშნებდა. მისი თქმით, ბელარუსი შესყიდვების დივერსიფიკაციას გააგრძელებს, რათა "ყოველი წლის 31 დეკემბერს მუხლებზე არ დაიჩოქოს".

მაშინ ლუკაშენკო ამბობდა რომ რუსეთთან ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების შექმნას არ განიხილავს, თუმცა ინტეგრაციის მიმართულებით სვლას განაგძობს - "ამაში ცუდი არაფერია. ინტეგრაციის დღის წესრიგში წმინდად ეკონომიკური საკითხებია".

ბელარუსის პრეზიდენტს ასევე ნათქვამი აქვს, რომ "ინტეგრაციით ისინი [რუსები] ბელარუსზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ეს არ არის ინტეგრაცია, ეს შეერთებაა," - მან თქვა, რომ ის ამას არასდროს დათანხმდება.

პუტინი ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ქვეყნების ინტეგრაციასთან აკავშირებს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

რუსეთის საპირისპიროდ, მაიკ პომპეომ გამოთქვა აშშ-ს მზაობა სრულად უზრუნველყოს ბელარუსი საჭირო ენერგორესურსებით. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ქვეყნები მიმდინარე წლის თებერვალში, ბელარუსში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. ლუკაშენკოსა და პომპეოს შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებაც გაკეთდა, მათ შორის იყო შეთანხმება ამერიკული ნავთობის შეძენის შესახებ. ამერიკული ნავთობის პირველი პარტია ბელარუსში მაისში ჩავიდა.

---------

საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

კომენტარები