ევროპული საქართველო

ბოკერია ენმ-ზე: რას ამბობენ, რომ ივანიშვილს დატოვებენ, თუ სააკაშვილი არ იქნება პრემიერი?

0 კომენტარი
ფოტო: ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ნათელია, რომ მრავალფეროვან კოალიციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობაზე კომპრომისი ვერ შედგება. 

ამის შესახებ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებების საპასუხოდ ისაუბრა. ენმ-ის ლიდერებმა დავით ბაქრაძის 14 აგვისტოს მიცემული ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ კოალიციურ მთავრობაში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იქნებიან, პარტიაზე "თავდასხმად" აღიქვეს. 

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ევროპული საქართველოს, ისევე, როგორც ქვეყნის, ეროვნული ამოცანა მშვიდობიანი არჩევნების გზით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებაა, რასაც უნდა მოჰყვეს ევროპული კოალიციის შექმნა და პირველივე ას დღეში რადიკალური რეფორმის ჩატარება, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, მთავრობის ზომის შემცირება, გადასახადების დაწევა და ა.შ.

"რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, რაც წამოიჭრა ენმ-ის წევრების ნაწილის მხრიდან, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულად ეს ივანიშვილის დახმარებაა, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა, რომ, თუ ბიძინა არ იქნა, მიშა იქნება, სწორედ ის ხაზია, რაც ქართულ ოცნებას აქვს. გასაგებია, რა გათვლაც აქვთ [ენმ-ში], მაგრამ ბევრად მეტია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შეთანხმებულია, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ვიდრე მათი, რომლებიც რომელიმე ერთ პარტიას, მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს". – ამბობს გიგა ბოკერია. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ახლა ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული ამოცანა სწორედ ისაა, რომ დანარჩენი ამომრჩეველი გათიშოს და სწორედ ამიტომაა მძიმე შეცდომა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ კუთხით წასვლა. 

"ჩვენ შევკრავთ ევროპულ კოალიციას, სადაც კომპრომისებია საჭირო და სააკაშვილის პრემიერობაზე რომ მრავალფეროვან კოალიციაში, მათ შორის ევროპული საქართველოს მხრიდან კომპრომისი ვერ შედგება, ეს წინასწარ ნათელია". – ამბობს დეპუტატი. 

გიგა ბოკერიას განმარტებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცხადია, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, თუმცა, მისი შეფასებით, აღშფოთება იმის გამო, რატომ არ მოსწონთ სხვა პარტიებს მათი არჩევანი, "ავტორიტარობისკენ მიდრეკილი აზროვნებაა" და იმის ვერ მიხვედრა, რომ კოალიციური მთავრობა საზოგადოების დაკვეთაა. 

"თუ 51%-ზე მეტს მიიღებს ნაციონალური მოძრაობა, ბუნებრივია, ვინც მათ სურთ, იმ პრემიერს წარადგენენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეგ არ მოხდება და იქნება კოალიცია, სადაც მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. აღშფოთება იმით, რატომ არ მოგწონთ ჩემი არჩევანიო, კომიკურია, რომ არა საზიანო". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატი ასევე ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ, თუკი ევროპული საქართველო მათთან არ შეკრავს კოალიციას, ალტერნატიულ ვარიანტად მხოლოდ ქართული ოცნება რჩება. 

"ეგ არის სწორედ ივანიშვილის პროპაგანდის სარკისებრად შემოტრიალება. ეს რას ნიშნავს, რომ ბიძინას დატოვებენ ხელისუფლებაში, თუ მიშა არ იქნება პრემიერი? ვერ იზამენ ამას. ჩემი მთავარი გზავნილი ეს არის. რეალობა ისაა, რომ შეიკვრება ევროპული კოალიცია და იქ მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა". – ამბობს დეპუტატი. 

გიგა ბოკერია დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც დავით ბაქრაძის განცხადება "სააკაშვილზე თავდასხმად" შეაფასა და თქვა, რომ ეს "თავდასხმა" ევროპული საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატებს ძალიან
"ძვირად დაუჯდებათ". გიგა ბოკერიას შეფასებით, საპროტესტო ამომრჩევლის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი ბევრად უფრო საღია.

"აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, რომ ერთმანეთი მოგვწონს და ამიტომ ვუჭერთ ერთმანეთს მხარს. უბრალოდ, ეროვნული ამოცანაა, რომ რისკები დავაზღვიოთ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ძვირად არ დაუჯდებათ, სააკაშვილის პრემიერობის საკითხს რომ წევენ წინ? რისი მომტანია ეს? 50% არავის აქვს. ყველას სჭირდება ურთიერთმხარდაჭერა, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ. ვისაც ეს არ ესმის, ვერაფერი გაუგია, მაგრამ მოუწევთ გაგება, იმდენად მყარია რეალობა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

14 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იყვნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები