საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო: სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში საქართველოს ელჩი დავაბრუნეთ

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დააბრუნეს. უწყების განცხადებით, ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იყო. 

"ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მ.წ., 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში". – წერს საგარეო უწყება. 

სამინისტროს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან, ისევე, როგორც თითქმის ყველა ქვეყანასთან, საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, ელჩის გამგზავრება სამთავრობო თვითმფრინავით გადაწყვიტეს. 

"ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.

შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.

ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.

იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს". – წერია განცხადებაში. 

16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა სამთავრობო თვითმფრინავმა რეისი თბილისი-მინსკი-თბილისი შეასრულა. კერძოდ, მინსკში ჩაფრენიდან ერთ საათში უკან გამობრუნდა. ტაბულა ამ დრომდე ცდილობდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღებას, თუმცა, ისინი ზარებს არ პასუხობენ. 

ბელარუსში უკვე კვირაზე მეტია მასშტაბური აქციები იმართება. ათიათასობით ადამიანი საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობასა და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.

კომენტარები