ბელარუსი

კაპანაძე: ბელარუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს როგორ მოვახერხეთ, რომ ელჩი ისვენებდა?

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, თუ მართალია, რომ 16 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში, ბელარუსში საქართველოს ელჩი ჩაფრინდა, ამ თემაზე მას მხოლოდ ორი კითხვა რჩება. 

პირველი შეკითხვა, სერგი კაპანაძის განმარტებით, იმას შეეხება, თუ რატომ არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ არანაირი კომენტარი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე. 

"ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არანაირი კომენტარი და შეფასება არ გააკეთა ბელარუსი ხალხის სწრაფვაზე დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ, მაშინ, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოხატავს?". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

რაც შეეხება მეორე კითხვას, დეპუტატს აინტერესებს, ბელარუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში რატომ არ იყო საქართველოს ელჩი ადგილზე. 

"ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს ბელარუსის ისტორიაში და ამაზე მნიშვნელოვანი დღე ალბათ ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი თურმე ისვენებდა. ეს არის ჩემი მთავარი კითხვები.

დანარჩენი ყველაფერი, როდის ჩავიდა და რეისი როდის განხორციელდა, არის მეორეხარისხოვანი. ეს ორი მთავარი კითხვაა, რაზეც უნდა ვფოკუსირდეთ და ამ ორ კითხვაზე პასუხი აჩვენებს, როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

16 აგვისტოს ბელარუსში მასშტაბური პროტესტის ფონზე ქართული სამთავრობო თვითმფრინავით რეისი თბილისი-მინსკი-თბილისი შესრულდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, თვითმფრინავით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი ჩამოიყვანეს. მოგვიანებით გავრცელებული კიდევ ერთი ვერსიით, თვითმფრინავში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იჯდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გავრცელებისთანავე უარყო. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტს არათუ ქვეყანა, თბილისიც კი არ დაუტოვებია. 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მათი პრესცენტრი მედიის ზარებს არ პასუხობდა, დღეს, 17 აგვისტოს კი უწყებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავით მინსკში საქართველოს ელჩი, ვალერი კვარაცხელია ჩაიყვანეს, რომელიც 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იყო. 

კომენტარები