ისრაელი-არაბთა გაერთიანებული საამიროები

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია დაიწყო

AFP

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატური ურთიერთობის დაწყებაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ სატელეფონო კომუნიკაცია დაიწყო.

საამიროებში ებრაული საბჭოს პრეზიდენტმა ამ ფაქტს სასწაული უწოდა და თქვა, რომ ახლა საამიროებში მცხოვრებ ებრაელებს საშუალება ექნებათ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ისრაელთან. 1971 წლიდან დღემდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ისრაელთან სატელეფონო ზარები დაბლოკილი ჰქონდა. კავშირისათვის იყენებდნენ ინტერნეტს, თუმცა ხშირი იყო შეფერხებები. ასევე, ისრაელში საამიროებთან დასაკავშირებლად იყენებდნენ პალესტინის კოდს.

სატელეფონო ზარი შედგა საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბი აშკენაზის შორის.

გარდა ამისა, საამიროებში დაბლოკილი აღარ იქნება ებრაული საინფორმაციო ვებ-გვერდები, როგორებიცაა Times of Israel, Jerusalem Post და YNet.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებას პროტესტი მოჰყვა პაკისტანში. ირანმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც საამიროებში ირანის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებაზე განცხადება გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. შეთანხმება მოიცავს, ისრაელის მიერ დასავლეთი ნაპირის ანექსიის გეგმების გაუქმებას.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურიდან პირველი არაბული და ზოგადად, მესამე არაბული ქვეყანაა, რომელსაც ისრაელთან აქტიური დიპლომატიური კავშირი ექნება. 

არაბული ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ იორდანიას და ეგვიპტეს აქვთ ისრაელთან აქტიური დიპლომატური ურთიერთობები. ეგვიპტემ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია 1979 წელს, ხოლო იორდანიამ - 1994 წელს.

ნეთანიაჰუ ცდილობდა მიწებზე, რომლებიც პალესტინელებს უნდოდათ, აეგო დასახლებები. ის მხარს უჭერდა ტრამპის შემოთავაზებას, რაც მას უფლებას მისცემდა დაეკავებინა ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის დიდი ნაწილი, პალესტინელებს კი სხვა ნაწილში შეზღუდულ ავტონომიას მიანიჭებდნენ.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქვეყანა უფრო აძლიერებს მის საერთაშორისო კამპანიას, რათა მას ახლო აღმოსავლეთში ტოლერანტობის შუქურად ხედავდნენ მიუხედავად იმისა, რომ ავტოკრატი მმართველები ჰყავს.

პალესტინელებისთვის ეს გამარჯვებაცაა და უკან დახევაც. შეთანხმება ისრაელის მიერ ანექსიის გეგმებს აუქმებს, თუმცა პალესტინელები, არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდებდნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოეხდინათ მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს დაარსების სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდნენ.

კომენტარები