ბელარუსი

წულუკიანი: სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო, ელჩი გაუშვა მინსკში

საქართველოს მთავრობა

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ბელარუსში მასშტაბური პროტესტის ფონზე ქართული სამთავრობო თვითმფრინავით თბილისი-მინსკი-თბილისის რეისის შესრულება და ამის მიმართ მედიის ყურადღება, "ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა და მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობაა".

"მე არ მესმის, რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი. იმიტომ რომ, მე ხშირად ვამბობთ, რომ ელჩი, მინისტრი და სხვები, ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როცა დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ რომ ვერც ერთი ელჩი და საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე ვერ ივარაუდებდა, რომ მინსკში იქნებოდა ის მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობს. სახელმწიფომ დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა მინსკში. ნორმალური სიტუაციიდან არანორმალურობის განცდის შექმნა არის მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობა". – თქვა თეა წულუკიანმა.

16 აგვისტოს, ბელარუსში, მასშტაბური პროტესტის ფონზე, ქართული სამთავრობო თვითმფრინავით რეისი თბილისი-მინსკი-თბილისი შესრულდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, თვითმფრინავით ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი ჩამოიყვანეს. მოგვიანებით გავრცელებული კიდევ ერთი ვერსიით, თვითმფრინავში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იჯდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გავრცელებისთანავე უარყო. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტს არათუ ქვეყანა, თბილისიც კი არ დაუტოვებია.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 აგვისტოს ბელარუსში საქართველოს ელჩი დააბრუნეს. უწყების განცხადებით, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან საქართველოში იყო.

კომენტარები