ლიტვა-ბელარუსი

ლიტვის პარლამენტი ლუკაშენკოს ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერად აცხადებს

ლიტვის სეიმი არ ცნობს ალექსანდერ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად. ამის შესახებ ინფორმაციას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი Twitter-ზე ავრცელებს.

"დღეს ლიტვის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რითაც არ ცნობს ბელარუსში არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მოუწოდებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ, არჩევნების გაყალბებაში და წარმოუდგენელ სისასტიკეში პასუხისმგებელ [პირებზე] სანქციების დაკისრებისკენ." – წერს ლინკევიჩიუსი.

აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ ლინკევიჩიუსმა ლუკაშენკო "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენია.

ბელარუსის არჩევნების შედეგებს ასევე არ ცნობს ევროკავშირი. 14 აგვისტოს ჩატარებული ვიდეოკონფერენციის შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა, რომ ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ევროპარლამენტარები. 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

18 აგვისტოს ირლანდიამ და კანადამ უარი განაცხადეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ცნობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები