ლარის გაუფასურება

ბოლო 6 თვეში ლარი ევროსთან 55 თეთრით გაუფასურდა, დოლართან - 21 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ბოლო 6 თვეში ლარი ევროსთან 55 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 21 თეთრით.

2020 წლის 18 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.101 ლარი იყო, ხოლო დღეს, 18 აგვისტოს - ერთი ევროს ღირებულება - 3.656 ლარია.

რაც შეეხება დოლარს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ექვსი თვის წინ, 1 აშშ დოლარი 2.867 ლარი ღირდა, ახლა კი, მისი ოფიციალური კურსი - 3.076 ლარია.

ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში უცხოური ვალუტის ღირებულება უფრო მეტია.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა უკვე 240 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

საქართველოს ეროვნული ვალუტა განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე გაუფასურდა. წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 80%-ით შემცირდება. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მარტის შემდეგ ჩაკეტილ საზღვრებს ისევ არ ხსნის და მხოლოდ ხუთ ქვეყნის (გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის) მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. ამ ხუთი ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ სამ ავიაკომპანიას (Lufthansa - თბილისი-მიუნხენი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air France - თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air Baltic - თბილისი-რიგა-თბილისი, კვირაში ერთხელ) აქვს რეგულარული ფრენების შესრულების უფლება. ავიაციის სააგენტოს მორიგი ნოტამის მიხედვით, რეგულარული ფრენები კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ოქტომბრამდე აიკრძალა.

კომენტარები