მაუწყებლობის შესახებ კანონი

რა წერია და რა მიზანი აქვს ბავშვის დაცვის მოტივით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

2019 წლის სექტემბერში ბავშვთა უფლებათა კოდექსსა და თანმდევ კანონებში, მათ შორის, მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს".

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, "ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს".

თუმცა, მიღებული ნორმები ბუნდოვანია, არ არის სათანადოდ განმარტებული და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რაც მაუწყებლებს უჩენს ეჭვს, რომ კანონი კომუნიკაციების მარეგულირებელმა, შესაძლოა, ოპოზიციური მედიების წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენოს და სურვილის შემთხვევაში, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მაუწყებელს ავტორიზაციაც შეუჩეროს, ანუ დახუროს.

რა წერია მაუწყებლის შესახებ კანონში

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, იკრძალება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოწონება და გამართლება, ძალადობის, აზარტული თამაშების სცენების ჩვენება, ნარკოტიკის მოხმარების ჩვენება და ახსნა, სქესობრივი აქტის, სცენების გრაფიკული გამოსახულებების ჩვენება, თვითმკვლელობის იარაღების და ხერხების ჩვენება, ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალა და სხვა.

ცვლილებებში ასევე ხაზგასმულია, რომ მუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.

არასრულწლოვანი დაიცვას მავნე ზეგავლენისგან.

იკრძალება ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

შეზღუდვა ეხება მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციურ ფილმებსაც, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე „ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს“.

კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ "იკრძალება ისეთი პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას".

კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადე დაგეგმოს შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:

  • 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე;
  • 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 23 საათამდე; 
  • 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე;
  • 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 21 საათამდე.

"როცა არ ვიცი, რა მეკრძალება და რა - არა, კანონს ვერ დავიცავ"

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ დაუზუსტებელი და გაუგებარია, რა აღძრავს, მაგალითად, მძაფრ ნეგატიურ ემოციებს. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კანონის დარღვევა მარტივია.

"არ შეიძლება, კანონი იყოს ბუნდოვანი, უნდა ვიცოდე, რა მეკრძალება, რა შემიძლია და რა არა. როცა არ ვიცი, რა მეკრძალება და რა არა, ვერ დავიცავ ამ კანონს". - ამბობს ის.

მურადაშვილის თქმით, კანონის ინტერპრეტირება ნებისმიერ სიტყვასთან და გამოსახულებასთან დაკავშირებით შეიძლება.

"მაგალითად, წერია, რომ არ შეიძლება, ისეთ საეთერო ზონაში, რომელიც 17 წლამდე ასაკის ბაშვებისთვის შეუფერებელია, ეთერში გავუშვათ მულტიპლიკაციური და დოკუმენტური ფილმი ან ნებისმიერი რამ, რაც მძაფრ ნეგატიურ ემოციებს აღძრავს. მაგრამ, ჩვენ არ ვიცით, რა არის მძაფრი ნეგატიური ემოცია.

თუ ეთერში ვუშვებთ ბემბის, რომელსაც დედას უკლავენ და ობოლი რჩება, ეს შეიძლება ბავშვისთვის მატრავმირებელი იყოს. ანუ აღძრავს ნეგატიურ ემოციას და არ შეიძლება, დღის განმავლობაში გავუშვათ? მაშინ ღამე უნდა გავუშვათ, როცა ბავშვებს სძინავთ?

იგივეა სპაიდერმენზეც.. როცა გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება ძალადობის ამსახველი სცენების გაშვება, რომლის იმიტირებაც შეიძლება ადვილად მოხდეს.

ასევე, წერია, რომ არ შეიძლება ალკოჰოლის წახალისება. სიმღერა "ღვინო კახურო, ვარ შენი მსმელი" შეიძლება თუ არა, წახალისებად ჩაითვალოს?

აკრძალვა ასევე შეეხება საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ნებისმიერ ამბავს. მაგალითად, თუ პოლიტიკოსმა პარლამენტში იჩხუბა, ეს დღის განმავლობაში არ ვაჩვენოთ და ღამით, 00:00 საათის შემდეგ უნდა გავუშვათ?". - ამბობს მურადაშვილი.

იურისტის შეფასებით, მსგავსი ბუნდოვანი ფორმულირებები ნიშნავს, რომ მარეგულირებელს შეუძლია, მაუწყებელს ნებისმიერ რამეზე შეედავოს და სანქციების შესაბამისად გააფრთხილოს, ჯარიმა დააკისროს და თუ "დარღვევას" გაიმეორებს, ჩამოართვას კიდეც მაუწყებლობის უფლება.

მთავარი არხის იურისტს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ კანონი ოპოზიციურად განწყობილი მედიების შესავიწროებლად არის შექმნილი, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება სარისკოა, ვინაიდან, სურვილის შემთხვევაში GNCC-ი სანქციების დაკისრების ყველა პროცედურას ძალიან სწრაფი ტემპით გაივლის, განსაკუთრებით კი ოპოზიციურ არხებს ჩაუსაფრდება.

იმას, რომ კომუნიკაციების კომისიამ, შესაძლოა, მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილიც ამბობს.

მისი თქმით, ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ GNCC-ი წლებია ცდილობს, რომ ის საკითხები, რაც მედიაში თვითრეგულირებით კონტროლდება, რეგულირებას დაუქვემდებაროს.

"რამდენიმე წელია, კომისია ცდილობს, შეიჭრას მაუწყებლის მიერ მომზადებული კონტენტის შინაარსში. ამის მაგალითია ის, რომ სიძულვილის ენის თვითრეგულირებიდან გამოსვლას და რეგულირებას უჭერს მხარს. ამ ფონზე კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები, კანონის ბუნდოვანებასთან ერთად, ქმნის განცდას, რომ, შესაძლოა, კომისიამ ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს, ჰქონდეს შერჩევითი მიდგომა სხვადასხვა მედიის მიმართ და მისი განმარტებები იყოს კომისიის შეხედულებებზე დამოკიდებული. კანონი არ იძლევა დარღვევების ცალსახა ჩამონათვალს და ტოვებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას".

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით (მუხლი 71) თუ ესა თუ ის მაუწყებელი კანონის მუხლებს დაარღვევს, სანქციები შემდეგნაირად მოქმედებს:

  • პირველი ეტაპი მაუწყებლის წერილობით გაფრთხილებაა; მედია ორგანიზაციას ეძლევა გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
  • თუ მაუწყებელი მითითებულ ვადაში დარღვევას არ აღმოფხვრის ან კომისიის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ასევე, თუ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახალ დარღვევას ჩაიდენს, GNCC-ი მას აჯარიმებს.
  • შემდეგი ეტაპი მაუწყებლის დაჯარიმებაა.

თუმცა, ამ მუხლის პირველი ნაწილი - წერილობითი გაფრთხილება არ ვრცელდება მაუწყებლის შესახებ კანონის ახალ - 56/1 და 56/2 მუხლებზე. კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქცია გარფთხილების გარეშე დაჯარიმებაა. 

მარიამ გოგოსაშვილის თქმით, "იმის გათვალისწინებით, რომ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება გავიდეს, კომისიის აზრით, პრობლემური მასალები, შეიძლება მალე დადგეს კონკრეტული შედეგი, ვიდრე დადგებოდა სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში. ის სანქციები, რასაც კომისია იყენებს საბოლოოდ მიდის ავტორიზაციის შეჩერებამდე, რაც ნიშნავს მაუწყებლობის შეჩერებასაც".

გოგოსაშვილი მიუთითებს, რომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მედიაში ბავშვთა უფლებები დაცული იყოს და ამის რეგულირებაც შესაძლებელია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რა ფორმით, როგორ და ვინ განახორციელებს ამ ყველაფერს. . .

მაუწყებლების მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

მაუწყებლებს აქვთ გამოცდილება, რომ როცა საქმე რეკლამის ნებისმიერი ფორმით განთავსებას შეეხო, მარეგულირებელმა კომისიამ, კანონის ბუნდოვანი ნორმები შესაბამისი დადგენილებით და გაიდლაინებით განმარტა. მედიებს ამ შემთხვევაშიც მსგავსი დოკუმენტის მიღების იმედი ჰქონდათ.

"მაშინ მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა თავისი რეკომენდაციები, გაიდლაინები დადგენილების სახით, სადაც ის განმარტავდა თავის ხედვას, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ნორმები განმარტებული. მაუწყებელი ჩახედავდა ამ რეკომენდაციებს და გაიდლაინებს და მან იცოდა, როგორ უნდა ეხელმძღვანელა.

ამ შემთხვევაში, ამ ბუნდოვან ნორმებზე არ გვაქვს მისი ხედვის არანაირი განმარტება. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ პირველ სექტემბერს შევიდეს ძალაში ისე, რომ სრული ბუნდოვანებაა და ნებისმიერ რამეზე შეიძლება შემოგვედავოს". - ამბობს თამთა მურადაშვილი და გამოსავალს, სულ მცირე, საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე კანონის ამოქმედებაზე მორატორიუმის გამოცხადებაში ხედავს.

კანონის მუხლების განმარტების მოთხოვნით და მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მთავარმა არხმა, ფორმულამ, ტვ პირველმა, კავკასიამ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა GNCC-ს უკვე მიმართეს.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების გამო, და ასევე, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზეც თქვენ, შესაძლოა, დაგჭირდეთ დრო, გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამავე პერიოდში, შესაძლებელი იქნება, რომ შეიმუშავოთ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამის საფუძველს იძლევა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი: „მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის წესები დგინდება ამ კანონითა და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით“. გთხოვთ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მოხდეს მაუწყებლების ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის რეჟიმში. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გზით მოქმედება უფრო მკაფიოს გახდის კანონს და მისი აღსრულების პროცესს ყველა მხარისთვის". - ვკითხულობთ წერილში.

მაუწყებლები კომუნიკაციების კომისიას ასევე სთხოვენ, განიმარტოს, რას ნიშნავს, მაგალითად, ბავშვის სულიერი განვითარება, რომელსაც მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუშალოს, როგორ და რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ეს და როგორ უნდა დაიცვას მაუწყებელმა კანონის ეს ნორმა.

ან, მაგალითად, როგორ, ვინ და რა ვადაში უნდა დაადგინოს შეფერხდა თუ არა ბავშვის განვითარება? როგორ, რა სტანდარტით, რა კრიტერიუმით უნდა დადგინდეს მედიამ დაიცვა თუ არა არასრულწლოვანი ბავშვი „საფრთხის შემცველი“ ინფორმაციისგან,

როგორ უნდა განსაზღვროს მედიამ პროგრამა, ინფორმაცია აფერხებს თუ არა ბავშვის განვითარებას, რას ნიშნავს ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება და როგორ შეიძლება, ამას ტელევიზიამ ხელი შეუშალოს და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კანონი, ძირითადად, ტელემაუწყებლებზეა ორიენტირებული, თუმცა, მისი მოქმედება ინტერნეტზეც ვრცელდება. თუმცა, ის აქაც ბუნდოვანია. მითითებულია მხოლოდ, რომ მაუწყებელი ვალდებულია, მასალის ინტერნეტში განთავსების შემთხვევაში, ასაკობრივი ნიშანდება გააკეთოს.

მაუწყებლების მიერ GNCC-ისთვის დასმულ კითხვებს შორის ერთ-ერთი ამასაც ეხება: "ავალდებულებს თუ არა კომისია მაუწყებელს, რომ ინტერნეტში განთავსებულ მასალაზე ნიშანდების მინიჭების გარდა ეს მასალა განათავსოს ვებგვერდზე მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში, როგორც ეს ეთერისთვის გაქვთ დაწესებული?"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები