არჩევნები 2020

ენმ-მ შესაძლოა ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად საკუთარი კანდიდატი დაუყენოს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი დაუყენოს. ცოტა ხნით ადრე გიორგი ვაშაძემ პლატფორმა ძალა ერთობაშია დატოვა. 

ამის შესახებ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, მათ მხარდამჭერებს ძალიან აწუხებთ ის ფაქტი, რომ ისანში პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს. 

"ეს წუხილები არსებობს თვითონ ამომრჩევლებს შორის და პირველად არ ვავრცელებთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატს, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია... 

მსჯელობის საგანი იყო [გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენება], იმიტომ, რომ ამომრჩევლის მხრიდან ასეთი გულის წუხილი რომ მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს განვიხილოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ". – ამბობს ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში. 

ვაშაძისთვის კონკურენტის შესაძლო დაყენებაზე პარტიის ერთერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ენმ-ს გადაწყვეტილება იყო თბილისის მხოლოდ და მხოლოდ ორ ოლქში კანდიდატურის დაყენება იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულიყო, თუმცა, მისივე განმარტებით, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმება ვერ შეძლეს. 

"ძალიან მოულოდნელი იყო გიორგი ვაშაძის ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის გადადგა პოლიტიკური ერთობიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ, ვნახოთ. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიაში, ჩვენთვის უმთავრესი არის ის, რომ გვყავდეს კანდიდატები, რომლებიც გაიმარჯვებენ". – თქვა თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან. 

გიორგი ვაშაძემ და პარტიის კანონი და სამართალი დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება ძალა ერთობაშია 27 ივლისს დატოვეს და ახალი პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს. ენმ-ს ცნობით, განხეთქილება მათსა და გიორგი ვაშაძეს შორის იმან გამოიწვია, რომ მას ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება სურდა. 

გიორგი ვაშაძე ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატია

კომენტარები