არჩევნები 2020

ჭანკოტაძე, კაპანაძე, ჩიტაშვილი – ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილი ცნობილია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი ცნობილია. ინფორმაცია რამდენიმე კანდიდატის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გამოაქვეყნა. 

წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი, დევი ჭანკოტაძე იქნება. 

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში კანდიდატი ჟურნალისტი, Presa.ge-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე იქნება. 

ხოლო, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში პარტიას ვაჟა ჩიტაშვილი წარმოადგენს. ჩიტაშვილმა 2017 წელს ახალციხის მერობის კანდიდატად კენჭი ევროპული საქართველოდან იყარა. პარტია მან 2020 წლის 3 აგვისტოს დატოვა. 

კანდიდატები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.

ქართული ოცნებიდან დევი ჭანკოტაძის ოპონენტი იქნება გივი ჭიჭინაძე, ევროპული საქართველოდან – აკაკი ბობოხიძე. გიორგი კაპანაძის ოპონენტი ქართული ოცნებიდან იქნება პაატა კვიჟინაძე , ევროპული საქართველოდან კი – სერგო რატიანი. რაც შეეხება ვაჟა ჩიტაშვილს, მმართველი გუნდიდან მას ოპონირებას ანტონ ობოლაშვილი გაუწევს, ევროპულ საქართველოს ამ ოლქში კანდიდატი არ ჰყავს. 

კომენტარები