ნავალნის მოწამვლა

ომსკის საავადმყოფოში ნავალნისთან ცოლი და მოსკოვიდან ჩასული ექიმი არ შეუშვეს

Reuters

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოში ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი არ შეუშვეს. თავდაპირველად იულია ნავალნის უთხრეს, რომ პაციენტს ვიზიტორების მიღებაზე თანხმობა არ განუცხადებია, მოგვიანებით კი განუცხადეს, რომ მის მოსანახულებლად საჭიროა ქორწინების მოწმობის წარდგენა.

ნავალნის ცოლი ამბობს, რომ მას არც სამედიცინო დოკუმენტებს უჩვენებენ. უკანასკნელი ინფორმაციით ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კომაშია.

ნავალნის პირადი ექიმი ამბობს, რომ აუცილებელია პაციენტი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მზად არიან, გაითვალისწინონ თხოვნა ნავალნის საზღვარგარეთ მკურნალობის თაობაზე.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები