ბელარუსი

ტიხანოვსკაია ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხალხს გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Reuters

ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა ჩაწერა. ტიხანოვსკაია მოუწოდებს ქარხნების და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს გააგრძელონ გაფიცვა, რათა ხელისუფლებამ ხალხის ხმა გაიგოს.

"თქვენ უკვე აჩვენეთ წარმოუდგენელი ერთიანობა და ფოლადის სიმტკიცე. დიდი მადლობა ამისათვის. თქვენ დააშინეთ დიქტატურა, თქვენ წინაშე, თქვენი ძალის და სიმამაცის წინაშე ის შიშით ძრწის. ამიტომაც გრძნობთ დღეს უდიდეს წნეხს, ამიტომაც გიწევთ მუქარის ატანა.

გაფიცვებმა კუთხეში მიიმწყვდია დიქტატურა, დაჭრა ის გულში. ამიტომ ახლა ყველა ხერხით ცდილობენ თქვენს გათიშვას. თუ ერთად ვიქნებით, ამ რეჟიმს ხომ არც ერთი შანსი არ დარჩება. გაფიცვა - ეს არის სრულიად ლეგალური და მძლავრი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ. მათ ეს იციან და ამიტომ გაშინებენ. ნუ შეგაშინებთ დიქტატურა და გახსოვდეთ, თქვენ მარტო არ ხართ, თქვენთან მთელი ბელარუსია." - მიმართა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის მოსახლეობას.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ფონდებში გადარიცხული თანხა ხალხის დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. ტიხანოვსკაიამ სთხოვა გაფიცულებს, გააგრძელონ პროტესტის გამოხატვა და არ წამოეგონ დაშინებას. ასე აიძულებენ ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხს.

"ჩვენი მიზნები მარტივია: შეწყდეს ძალადობა, გავათვისუფლოთ პოლიტპატიმრები, ჩავატაროთ ახალი, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ერთად ჩვენ ძალა ვართ. ძალა, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ვერცერთი დიქტატურა. და გახსოვდეთ, მხოლოდ ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ქვეყანა სიცოცხლისთვის". - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

აქციების დაწყებიდან მალევე ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიტვაში წავიდა. ბელარუსი ხალხისთვის ტიხანოვსკაიამ რამდენიმე ვიდეომიმართვა ჩაწერა. თავის უკანასკნელ მიმართვაში, ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზადაა, რთულ პერიოდში გახდეს ქვეყნის ნაციონალური ლიდერი და ბელარუსს ცვლილებებისკენ გაუძღვეს.

კომენტარები