კრიმინალი

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სენაკში, 8 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები, ასევე, ფული გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით." – აცხადებს შსს.

ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები