არჩევნები 2020

პარლამენტის პიკეტირება აჭარის მოსახლეობის მიერ - კრემლის ინსტრუქციები პატრიოტთა ალიანსს

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გაავრცელა.

გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

გამოძიების მეორე ნაწილში კი საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარ კომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. ირკვევა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნა შეთანხმებული გზავნილები, რომლითაც "პატრიოტებს" აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებული "თავდასხმები" უნდა მოეგერიებინათ. 

დოსიეს ხელში ჩაუვარდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირების სამმართველოს უფროსი ვლადიმირ ჩერნოვის სამუშაო დოკუმენტები. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში შემუშავებულია წინასწარი თეზისები, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედონ ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ. 

პატრიოტთა ალიანსისთვის შემუშავებული გამამართლებელი თეზიბის დოკუმენტი
სხვა რამეებთან ერთად, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან "პატრიოტებს" ურჩევენ:

  • "ვიზიტი ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს. ჩვენ ილორის ეკლესიას გადავეცით ღვთისმშობლის ხატი. ამასთანავე, გამოვიყენეთ შესაძლებლობა და მოვინახულეთ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავები;
  • "როგორც იცით, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვკითხეთ მილიონზე მეტი ადამიანი, მათმა 70%-მა მხარი დაუჭირა პირდაპირ დიალოგს სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. დარწმუნებული ვარ, გამოკითხვა რომ აფხაზეთში და ცხინვალში ჩატარებულიყო იგივე შედეგებს მივიღებდით.
  • პირდაპირი კონტაქტების დამყარებით, ჩვენ ვმოქმედებთ სახალხო დიპლომატიის მეთოდებით, რომელიც პასუხობს არამხოლოდ ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს, არამედ სრულად გამოხატავს ხალხის ნებასაც;

ამის გარდა, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში პატრიოტთა ალიანსს ზოგადი წინაასარჩევნო პოზიციონირების, სტრატეგიის, სამუშაო გეგმისა და აგიტაციის არაერთი დოკუმენტი დაუმზადეს.

რუსი კურატორებისა და პოლიტტექნოლოგების მიერ "პატრიოტებისთვის" წინასაარჩევნოდ შემუშავებულ ღონისძიებათა კომპლექსს ითვალისწინებს, რომელიც დროის მიხედვით არის გაწერილი. ასე, მაგალითად აგვისტოს ბოლო, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები პატრიოტებს თხოვენ დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.

პიკეტირებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, რიგით მოქალაქეებს, ტურიზმისა და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს. რუსი კურატორები პატრიოტთა ალიანსს სთავაზობენ, მიტინგის ორგანიზატორად საზოგადოებრივი გაერთიანება "მუსლიმი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობისთვის" დასახელდეს. 

პატრიოტთა ალიანსისთვის შემუშავებული წინასაარჩევნო ღონისძიებების გეგმა

უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პატრიოტთა ალიანსი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ანტითურქულ განწყობებზე. ამის მაგალითია ბათუმში განთავსებული ანტითურქული გზავნილის მქონე სარეკლამო ბანერიც. 

რუსი კურატორები პატრიოტთა ალიანსს რამდენიმე წინასაარჩევნო ღონისძიებასაც სთავაზობენ, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში, აქციას სახელწოდებით - "მოვამზადოთ ბავშვები სკოლისთვის". აქციის ფარგლებში პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებმა უნდა მოიძიონ თანხები, რომლებიც ბავშვებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებს თუ სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენას მოხმარდება. 

რუსი კურატორების გეგმით, 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს პატრიოტთა ალიანსმა უნდა მოაწყოს კონფერენცია. დისკუსიის მოდერატორი კი დავით თარხანმოურავი უნდა იყოს, რომელიც დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს სამხედრო მიუმხრობლობის სიკეთეებზე და მის დადებით მხარეებზე საქართველოსთვის.

სხვა რამეებთან ერთად რუსი კურატორები "პატრიოტებს" სთავაზობენ გამოვიდნენ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც საზღვარგარეთ და, მათ შორის, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შეეძლებათ ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებზე.

ამის გარდა, რუსმა კურატორებმა პატრიოტთა ალიანსს მარიამობაც დაუგეგმეს და განუსაზღვრეს, რომ ამ დღეს დავით თარხანმოურავმა და ირმა ინაშვილმა ერთ-ერთი მონასტერი მოინახულონ. ვიზიტის მიწურულს კი კრემლის რჩევით, თარხანმოურავმა პრესკონფერენცია უნდა გამართოს, რომელზეც ისაუბრებს მართლმადიდებლობაზე, როგორც ნაციონალური მენტალიტეტისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედზე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს რუსეთის მართლმადიდებლობაზე, ამ კუთხით ორი ერის ძმურ კავშირებზე. 

შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს კამპანიის სტრატეგიას სოციალურ ქსელებში, პატრიოტული სიმღერების კონკურსს და ფლეშმობს "ვიმღეროთ ერთად".

პატრიოტების მიერ გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში დასახელებულია კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მზად არიან საჯაროდ დაუჭირონ მხარი პარტიას, მათ შორის არიან: პოეტი ერეკლე საღლიანი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, მომღერალი თემურ თათარაშვილი, ბალერინა ირმა ნიორაძე, კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი და სხვები.

უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი პირებიდან რამდენიმე მართლაც იმყოფებოდა პატრიოტთა ალიანსის პრესკონფერენციაზე. როგორც ცენტრ დოსიეს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, მოსკოველ კურატორებსა და ქართველ შეგირდებს შორის ხშირია კამათი და უთანხმოებაც. თუმცა გაღიზიანების მიუხედავად "პატრიოტები" ხშირად დაჰყვებიან ხოლმე რუს კურატორებს. 

როგორც ირკვევა რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. 

"აგვისტოს ომთან დაკავშირებით - გადაცემები ირმა ინაშვილისა და დავით თარხანმოურავის მონაწილეობით ეთერში გადიოდა 7, 9 და 10 აგვისტოს, ხოლო 8 აგვისტოს მხოლოდ კლიპები გადიოდა. ხოლო, რაც შეეხება ამ დღეს მიტინგის ჩატარებას - ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გესმით ვითარება, რომელიც ამ წუთას თბილისშია. ადამიანები ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ მასზე ირმა ინაშვილი და დავით თარხანმოურავი საუბრობენ, მაგრამ თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თუ ჩვენ ამ თემაზე მოვაწყობთ მიტინგს ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ". – წერია პატრიოტთა ალიანსის განმარტებაში. 

ამასთანავე, პატრიოტები რუს კურატორებს წერენ, რომ უკვე დამზადებულია 12 გადაცემა სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე და იგი პერიოდულად გავა ეთერში, ამასთანავე, აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის თემა ობიექტივის სხვადასხვა გადაცემების კვირაში ერთხელ მაინც იქნება. 

ასევე, ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსის თანამშრომლები, რუს კურატორებს ხშირად უსწორებენ ქართული ენის სპეციფიკას.

 

კომენტარები