ისრაელი-პალესტინა

ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

AFP

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფება, ჰამასმა გამოაცხადა, რომ კატარის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

სამი კვირაა გრძელდება თავდასხმები ჰამასის მხრიდან ისრეალის სამხრეთ ტერიტორიებზე, თავის მხრივ კი ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებს ბომბავს.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით უშვებდნენ ხელნაკეთ ბომბებსაც, რომლებსაც ბუშტებს აბამდნენ. ეს ბომბები ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შემდეგ ხანძრის გაჩენას იწვევდა. ამგვარად ხანძრის 400-ზე მეტი კერა გაჩნდა. მათ შორის დაიწვა სასოფლო-სამეურნეო მიწები. ასევე, ღაზის სექტორიდან გაისროლეს რამდენიმე რაკეტაც.

პასუხად, ისრაელის არმია 6 აგვისტოს შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ბომბავს ღაზის სექტორს. მათი თქმით, სამიზნეს ჰამასის საწვრთნელი ბაზები, სათვალთვალო პუნქტები და საწყობები წარმოადგენს. გარდა ამისა, ისრაელმა ღაზის სექტორის სანაპიროსთან თევზაობა აკრძალა და ქერემ შალომის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, საიდანაც ღაზის სექტორის ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი მიეწოდებოდა.

ჰამასის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმების ფარგლებში ისრაელის წინააღმდეგ ყველანაირი თავდასხმა შეჩერდება, სანაცვლოდ კი ტერიტორიაზე კვლავ შევა საწვავი და ელექტროსადგური ამუშავდება.

კომენტარები