არჩევნები 2020

კობახიძე პატრიოტთა ალიანსზე: კონკრეტული სააგიტაციო მასალა არჩევნებიდან მოხსნის მიზეზი არაა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე პატრიოტთა ალიანსის ბანერთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ კონკრეტული სააგიტაციო მასალა პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მიზეზი ვერ იქნება. 

"კონკრეტული სააგიტაციო მასალა ვერ გახდება არჩევნებიდან პოლიტიკური პარტიის მოხსნის საფუძველი. იმდენი ანტისახელმწიფოებრივი რამე აქვს გაკეთებული, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და მათ სატელიტ პარტიებს, იმდენია დაგროვილი, ეს რომ იყოს არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი, პირველი, ბუნებრივია, ისინი მოიხსნებოდნენ, ეს არის სამართლებრივი მხარე." - თქვა მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

კობახიძეს მიაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსის ეს ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რუსული დაკვეთა, თუმცა ეს ყველაფერი არაა საკმარისი პარტიის არჩევნებიდან მოსახსნელად. 

"რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ჩვენი პოლიტიკური შეფასება იყო მყისიერი და ჩვენი პოლიტიკური შეფასება არის ძალიან მყარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იყო სრულიად ანტისახელმწიფოებრივი აქტი და ჩვენ შევაფასეთ ეს, პირდაპირ ვიტყვი, როგორც რუსული დაკვეთა." - ამბობს კობახიძე. 

"დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეს წარწერა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის აჭარაში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზეა გაკეთებული.

ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.

სარეკლამო ბანერს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების წევრებიც. "შმატრიოტები" - დაწერა ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძის თქმით კი, მას ბანერი "ფეიკი" ეგონა. მისივე სიტყვებით, ეს "რუსული დაკვეთაა საქართველოს წინააღმდეგ". 

აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერი ლელოს აქტივისტებმა 29 აგვისტოს ჩამოხსნეს.  

რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

დოსიემ კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

 

კომენტარები