Cicero

"სამაგალითო ბავშვი მცდარ გზაზე" - გერმანული გამოცემა Cicero საქართველოზე

Cicero

გერმანული გამოცემა, Cicero საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სათაურით - "სამაგალითო ბავშვი მცდარ გზაზე" სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონია გაკრიტიკებული.

სტატიაში წერია, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო სანიმუშო მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, თუმცა ახლანდელმა სამთავრობო ქმედებებმა საქართველოს ევროპული გზა კითხვის ქვეშ დააყენა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ინტერესი საქართველოს მიმართ მინელდა და საერთაშორისო ყურადღება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზეა გადატანილი, რუსეთი საკუთარი გავლენის საქართველოში გავრცელებას ცდილობს.

"2008 წლის შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ის არამარტო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს რიგ საკითხებში. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და კორუფციის ინდექსით საქართველო იტალიას, საბერძნეთს, ლიტვას და რუმინეთს უსწრებს, პრესის თავისუფლების კუთხით კი პოლონეთზე, მალტაზე და უნგრეთზე მაღლა დგას". – წერია გერმანული გამოცემის სტატიაში.

სტატიაში საუბარია საქართველოს სტრატეგიულ როლზე, რომ ბოლო წლების ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა პროგრესმა საქართველო სანიმუშო მაგალითად აქცია კავკასიაში. მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ლოკაცია აქვს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და თუ შესაბამისი პოლიტიკური კონდიციები იქნება, საქართველო მალე გახდება მიმზიდველი ვოდაფონის, გუგლისა და ამაზონისათვის, რითაც საქართველოც და ევროპაც მიიღებენ სარგებელს და ის ნატოს წევრობის კანდიდატიც გახდება, თუმცა ახლანდელი მდგომარეობით ქვეყანაში სხვაგვარი მოცემულობაა. 

„ხელისუფლების ქმედებების შედეგად ქვეყანა "პოტიომკინის სოფლად" ყალიბდება ჰაერივით საჭირო უცხოელი ინვესტორებისთვის და ტორპედირდება ევროპული გზიდან". – ნათქვამია სტატიაში. 

ამავე დროს ზეწოლა იზრდება რუსეთისგან, გრძელდება საზღვრის გადმოწევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

სტატიის თანახმად, მთავრობის ბოლო დროინდელი ქმედებები უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოსა და ევროპის დაახლოების საკითხს.

მოვლენების ამგვარ განვითარებას ავტორი უკავშირებს ცვლილებას კანონში, რომელიც ივლისში იქნა ინიცირებული და არეგულირებს ელექტრონულ კომუნიკაციებს, მთავრობას საშუალებას აძლევს ჰყავდეს საკუთარი მმართველები ფირმებში მათ გასაკონტროლებლად.

სტატიაში მოყვანილია ფორნტერას და NEQSOL Holding-ის მაგალითები, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტები გაუწყვიტა. 

"2019 წელს NEQSOL Holding-მა, ინტერნაციონალურმა ჯგუფმა ინფრასტრუქტურის ინვესტიციებით ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კავკასიაში და მცირე აზიაში, კაუკასუს ონლაინის 49 პროცენტიანი წილი შეიძინა. 50 მილიონიანი ინვესტიცია მიზნად ისახავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის განვითარებას, რომელიც 1,8 მილიარდ ადამიანს დააკავშირებდა ევროპას, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის.

კომპანიის ინფორმაციით, ის მუდმივად აწვდიდა მთავრობას ინფორმაციას ქვეყანაში გრძელვადიანი გეგმების შესახებ. საქართველოს მთავრობამ კი არაადეკვატური ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის ექსპროპრიაცია მოახდინა და კონტრაქტი გააუქმა". - წერია Cicero-ს სტატიაში.

2017 წელს ამერიკული გაზის და ნავთობის კომპანიის ფორნტერას ექსპროპრიაციაც მოხდა, სავარაუდოდ, რუსული გავლენის შედეგად.

სტატიაში წერია, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ ნახევარში 42 პროცენტითაა შემცირებული წინა წელთან შედარებით, კორონავირუსის შედეგად შემქნილი სიტუაციით კი უარესი შედეგებია მოსალოდნელი, გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებამ საქართველოს შეუმცირა დაფინანსება 15 პროცენტით მანამ, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.

"საქართველოს პრობლემის გადაჭრის 2 გზა აქვს: მას შეუძლია გააგრძელოს არჩეული გზა და შეუწყდეს დასავლეთის და ევროკავშირის ინვესტიციები, რაც მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, ან შეცვალოს და უარი თქვას არჩეულ გეზზე, მიიზიდოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ინვესტიცია ციფრულ და ეკონომიკურ სექტორებში და შესაბამისად, გახდეს უფრო დამოუკიდებელი რუსეთის გავლენისგან". – წერია სტატიაში. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპამ უნდა გაიაზროს საქართველოს სტრატეგიული როლი რუსეთის გავლენის შესაკავებლად შავი ზღვის რეგიონში.

"ევროპის ინტერესში ძლიერი საქართველოა, რომელიც საერთაშორისოდ ღიაა და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის ბუფერული სახელმწიფო გახდება ევროკავშირსა და რუსეთს შორის". – ნათქვამია Cicero-ს სტატიაში.  

ივლისში პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.

რა ინტერესები დგას კანონპროექტის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები