ალექსეი ნავალნის მოწამვლა

აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭო ნავალნის მოწამვლაზე: ვიმუშავებთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს

ალექსეი ნავალნი

აშშ-ში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსული ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამვლას გამოეხმაურნენ. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ ელიოტმა ოფიციალურ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ამ ქმედებისათვის პასუხს აგებს.

"აშშ ღრმად შეშფოთებულია დღეს მიღებული შედეგებით. ალექსეი ნავალნის მოწამვლა ყოვლად საძრახისი ქმედებაა. რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია ქიმიური ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“.

ჩვენ მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს, იმის მიხედვით, თუ საით წაგვიყვანს სამხილები, და შევუზღუდოთ დაფინანსება მათი საზიანო ქმედებების გამო.

რუს ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი შეხედულებები მშვიდობიანად, რაიმე სახის მეთოდით, განსაკუთრებით ქიმიური ნერვული აგენტებით შურისძიების შიშის გარეშე". - ნათქვამია განცხადებაში.


ფოტო: Twitter

2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით. მათივე ცნობით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტია.

განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის განცლერი ანგელა მერკელი და თქვა, რომ საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

"შემაშფოთებელია, რომ რუსეთის წამყვანი ოპოზიციონერის მოკვლა მისი მოწამვლით სცადეს. ალექსეი ნავალნი გახდა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლი. კვლევების საშუალებით ცალსახად შესაძლებელია საწამლავის ამოცნობა". - თქვა მერკელმა.

განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც. მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

"აღმაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში ჩვენი თვალით ვნახეთ "ნოვიჩოკის" მოქმედების მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა დაემართა ბატონ ნავალნის – საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ სამართლის აღსრულებისთვის". – წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები