არჩევნები 2020

ბოკუჩავა: ოპოზიციის შტაბის შექმნა უპრეცენდენტო ერთობის და კოორდინაციის მაგალითია

ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ხმების დაცვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ მეორე შეხვედრა გამართეს. ამჯერად შეხვედრა ევროპული საქართველოს ოფისში მიმდინარეობს. 

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ამბობს, ამ შტაბის შექმნა არის მაგალითი უპრეცედენტო ერთობისა და უპრეცედენტო კოორდინაციისა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიების საერთო შტაბი უზრუნველყოფს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა ვერცერთი ხმა ვერ მოიპაროს და ვერ გამოიყენოს ის ნაცადი ხრიკები და მექანიზმები, რომელსაც წინა არჩევნების დროს მიმართავდა. 

"ქართველი ხალხის მოლოდინი არის სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა და არა ივანიშვილის ტერმინებით რომ ვისაუბროთ, მისი "ტრიუკების" გამოყენება არჩევნების მოსაპარად და ჩვენ, ოპოზიციური ერთობით, ამ შტაბის ძალიან ეფექტური მუშაობით, ეფექტური მექანიზმებით შემუშავებით, უზრუნველვყოფთ ამას". – თქვა თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს. ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ. 

კომენტარები