ნავალნის მოწამვლა

რუსეთის განცხადებით ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლა ფაქტებით არ დასტურდება

ალექსეი ნავალნი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

საგარეო საქმეთა სამინისტომ გერმანიას მოუწოდა, გაეზიარებინა ინფორმაცია ნავალნის მოწამვლის შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ბერლინი თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს უგულებელყოფს​​. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ გერმანიის იუსტიციის სამინისტროს პასუხი ჯერ არ გაუცია რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნაზე, გაეზიარებინათ ნავალნის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაშვებით, შესაძლოა, ნავალნისთან დაკავშირებული განცხადებები გამოიყენონ "წინასწარ მომზადებული "საპასუხო ზომების" მისაღებად".

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული.

მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი.

ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთმა "სერიოზულ კითხვებს" უნდა უპასუხოს. კანცლერმა აღნიშნა, რომ შემთხვევის დეტალებს ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად განიხილავს და ნავალნის მოწამვლაზე საერთო პასუხს მოამზადებენ.

"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით ნავალნის მოწამვლას აშშ და დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურნენ. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ ელიოტმა ოფიციალურ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ამ ქმედებისათვის პასუხს აგებს. ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები