გაერო - საქართველო

გაერომ საქართველოს დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს თანასპონსორებთან ერთად რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა 84 სახელმწიფომდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გასული წლის მსგავსად, გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმდინარე წელსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით, კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის საერთაშორისო ძალისხმევაში. შედეგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს 54 ქვეყანა შეუერთდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული ფაქტი, ცხადყოფს, რომ ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს". - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გართულებული იყო რეზოლუციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება. შეზღუდვების გამო გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის გამართვა რამდენიმე თვით შეჩერდა. 

ამ რეზოლუციას საქართველო 2008 წლიდან წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანაგრიშის მომზადებას ავალებს.

"აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე. 

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს." - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში.

2020 წლის ივლისში გაერომ საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 43-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – "თანამშრომლობა საქართველოსთან".

კომენტარები